უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებულ ომში დაღუპული სპორტსმენების „ხსოვნის ჩაფხუტით“ ასპარეზობაზე უარის არ თქმისთვის ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ ჰერასკევიჩი.
გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო და მას სამწუხარო უწოდა, რადგან სანქციას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი და რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ანალოგიური მეთოდების შემოთავაზება.
„საუბარი საერთოდ არ არის მის გზავნილში — საუბარია ადგილზე, საიდანაც აკეთებენ ამ გზავნილს. გვინდოდა, ის გამოეხატა შეჯიბრის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ, თუმცა ვთხოვეთ, ამ შეჯიბრის ერთი წუთის განმავლობაში არ გაეკეთებინა ეს…
წითელი ჯვრის მონაცემებით, მსოფლიოში 130 კონფლიქტია. ვერ დავუშვებთ, ადამიანებმა ამის შესახებ განცხადებები გააკეთონ შეჯიბრისას.
ეს შესაძლებელია მხოლოდ შეჯიბრებამდე, მის შემდეგ, სოციალურ ქსელში ან ინტერნეტში, თუმცა არა ამ დროს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ზეწოლა სპორტსმენებზე, რომელსაც ისინი განიცდიან ზოგიერთი ქვეყნისგან ან მათი ოლიმპიური კომიტეტებისგან, რათა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.
კიდევ ერთხელ — საქმე არ ეხება გზავნილს, არამედ სათამაშო მოედნის ხელშეუხებლობას“, — განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პრესმდივანმა მარკ ადამსმა.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე თამაშებიდან გამოთიშულმა უკრაინელმა სპორტსმენმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „არსებობს მედლებზე მნიშვნელოვანი საკითხებიც“, მოგვიანებით კი ვიდეომიმართვაც ჩაწერა.
„ძვირფასო უკრაინელებო, მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. ერთად უფრო ძლიერები ვართ. მინდა, ბრწყინვალე ადამიანის, პაველ პეტრიჩენკოს სიტყვებით გითხრათ: „ყველა შესანიშნავი ადამიანი ინარჩუნებს ოპტიმიზმს. უკრაინა — ყველაფერი იქნება. გავიმარჯვებთ. იბრძოლეთ და გადალახავთ. ღმერთი თქვენთან არის!“ — თქვა ვლადისლავ ჰერასკევიჩმა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება უკრაინის ბიატლონის ფედერაცია და აცხადებს, რომ დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება არა პოლიტიკური პროპაგანდა ან დემონსტრაცია, არამედ მორალური ჟესტია.

