აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ვაშინგტონში მდებარე ბავშვთა მხარდამჭერ ცენტრს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში მელანია ტრამპი დაახლოებით ათ ბავშვსა და ახალგაზრდა პაციენტს შეხვდა. საუბარი შეეხო მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, განათლებას, სპორტს, მუსიკასა და სხვა ინტერესებს. შეხვედრა მშვიდ და არაფორმალურ გარემოში წარიმართა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ არ იცოდა, როგორ მიემართა პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპმა ღიმილით უპასუხა: „მელანია დამიძახე“.
ბავშვთა მხარდამჭერი ცენტრი ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს და დახმარებას უწევს ბავშვებს, რომლებსაც იშვიათი და მძიმე დაავადებები აქვთ. ცენტრი მათ ოჯახებს სთავაზობს დროებით საცხოვრებელს, ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და უსაფრთხო გარემოს ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში, რომელიც ხშირად სახლიდან შორს ყოფნას მოითხოვს.
მსგავსი ვიზიტები პირველი ლედის საზოგადოებრივი საქმიანობის ნაწილია და მიზნად ისახავს ყურადღების გამახვილებას ბავშვთა კეთილდღეობაზე, თანაგრძნობასა და იმ ოჯახების მხარდაჭერაზე, რომლებიც ჯანმრთელობის სერიოზულ გამოწვევებს ებრძვიან.

