10 თებერვალს ღამით ალბანეთის დედაქალაქ ტირანის ცენტრში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ისინი ალბანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.
დემონსტრაცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები კი პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებსა და სხვა საგნებს ესროდნენ.
პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ბელინდა ბალუკუს, უკავშირდება. ედი რამა ჯერჯერობით არ იზიარებს მისი თანამდებობიდან გადაყენების მოწოდებებს.
კანონმდებლებზე იზრდება ზეწოლა, რომ ბალუკუს იმუნიტეტი მოუხსნან, რაც მხოლოდ პარლამენტში კენჭისყრით არის შესაძლებელი.

პროკურორებმა ბალუკუ, რომელიც ასევე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრია, გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ სამშენებლო პროექტების სახელმწიფო შესყიდვებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვეს.
„ჩვენ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც კანონის მეშვეობით იპარავს. სახელმწიფო ადმინისტრაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს, თუმცა არავინ გადაუყენებიათ და არც არავისთვის შეუჩერებიათ უფლებამოსილება“, — განაცხადა აქციის მონაწილემ, ანილა ალიჯაჯმა.
10 თებერვალს საღამოს ალბანეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ედი რამასა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული მესამე მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო. შეკრების ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 1300-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული.
წინა საპროტესტო აქციებსაც მოჰყვა დაპირისპირება. დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობას, პოლიციასა და სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინეს, რაზეც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხეს.
ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ, რომელსაც თავადაც ჰქონდა ბრალი წაყენებული კორუფციის გამო, პროტესტი ალბანეთისთვის კრიტიკულ მომენტში „მშვიდობიან აჯანყებად“ შეაფასა.
„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველანი ამ მოედანზე საგანგაშო პირობებში გაგვაერთიანა. ბოლო 35 წლის განმავლობაში ალბანეთისთვის ეს ყველაზე კრიტიკული მომენტია და შესაძლოა, აქ სწორედ მშვიდობიანი აჯანყებისთვის შევიკრიბეთ“, — განაცხადა ალბანეთის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სალი ბერიშამ.

პოლიტიკური ანალიტიკოსი მენტორ კიკია ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საპროტესტო აქციებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვეს.
„საეჭვოა, რომ მთავრობა ამ საპროტესტო აქციებით დაეცეს, რადგან მოქალაქეთა რეაქცია არაერთგვაროვანია — მოქალაქეები არ არიან ნდობით განწყობილი და ხშირად, უფრო დიდი ბოროტების ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ნაკლებ ბოროტებას აძლევენ ხმას. შემდეგ ეს ნაკლები ბოროტებაც უფრო და უფრო მეტად იზრდება. დღეს არსებობს აღქმა, რომ თუ რამა წავა, ბერიშა მოვა. ერთი ადამიანი კორუფციის გამო წავიდა ხელისუფლებიდან, მეორემ კი კორუფციის გამო უნდა დატოვოს ხელისუფლება“, — ამბობს პოლიტიკური ანალიტიკოსი მენტორ კიკია.
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ედი რამა სასამართლო სისტემისთვის ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა.
ალბანეთი, რომელიც 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებას იმედოვნებს, ევროგაერთიანების მხრიდან მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა.
თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ფართოდ გავრცელებული კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები.

