ისტორიული დღე ერევნისთვის. სომხეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვია.
სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, ჯეი დი ვენსი ხვდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს — იმ ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც სამშვიდობო შეთანხმებას, ოფიციალურად, ვაშინგტონის შუამავლობით მიაღწიეს.
ერევანში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი მხარეებისთვის სამომავლოდ, პოტენციური ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების წინაპირობაა.
თუმცა, ამ დონეზე ურთიერთობების გადასვლამდე, სომხეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს გააფორმეს შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე. ასევე განიხილეს სომხეთში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, NVIDIA-ს ჩიპების მწარმოებელი ქარხნის გახსნის საკითხი.
ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში შეთანხმებების მიღწევა არის ნაწილი პროექტისა სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს აზია-ევროპას შორის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფნად აქცევს.
მხარეებს შორის ღრმავდება კავშირები თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების საკითხებში, რისთვისაც პირველ ეტაპზე აშშ სომხეთს მიაწვდის V-BAT-ის ტიპის სადაზვერვო დრონებს.
„ჩვენ არამხოლოდ უზრუნველვყოფთ მშვიდობას სომხეთისთვის, არამედ ასევე ერთად ვქმნით რეალურ კეთილდღეობას სომხეთსა და აშშ-ის შორის. მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი შეხვედრა სომხეთისა და შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად ახლის დასაწყისია ორმხრივი პარტნიორობისა, რაც ჩვენს ქვეყნებს ერთად შეიძლება ჰქონდეთ…
ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოუდგენელი ტექნოლოგიური გარიგება ახსენა. ამერიკამ სიამაყით გასცა არაერთი საექსპორტო ლიცენზია მაღალი სიმძლავრის NVIDIA ჩიპების გასაყიდად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ახალ ბაზრებს ამერიკელი მუშაკებისა და ამერიკული ბიზნესისთვის, მაგრამ ასევე უფრო მეტ კეთილდღეობას სომეხი ხალხისთვის. ეს არის ჩიპები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში…“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
შეხვედრის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბაქო-ერევნის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულების დინამიკა.
სტაბილურობისა და მდგრადი მშვიდობის განსამტკიცებლად, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი მრავალწლიანი უთანხმოების აღმოფხვრას თურქეთთანაც ცდილობს.
სამოქალაქო ბირთვულ სექტორში მიღწეული ორმხრივი შეთანხმება მნიშვნელოვანია სომხეთისთვის და განგაშია კრემლისთვის. ამერიკულ მხარესთან გაფორმებული გარიგება ითვალისწინებს ვაშინგტონის შესვლას მანამდე მოსკოვის კონტროლირებად სივრცეში, რადგან ერევნისთვის ერთადერთი ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას სწორედ რუსული მხარე აწვდიდა.
9 თებერვლის შეთანხმებით სომხეთი რუსეთს ნათლად აჩვენებს საგარეო ვექტორის მკაფიო შებრუნებას დასავლეთისკენ.
ჯეი დი ვენსის ვიზიტის პარალელურად ერევნის სხვადასხვა წერტილში დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რომლებიც მოითხოვდნენ ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის მიერ დაკავებული სომხეთის მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლებას და ამ პროცესშიც ამერიკული მხარის შუამავლობას.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლოა აღმოჩნდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სამხრეთ კავკასია-ში გეოპოლიტიკური ცვლილებების გზაზე, რასაც მანამდე წინ უძღოდა 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმება. ამ დღეს ოფიციალურად დაესვა წერტილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის 40-წლიან სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას.
სამშვიდობო დოკუმენტზე დონალდ ტრამპის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ხელმოწერებმა დააფიქსირა მხარეთა მზაობა იმუშაონ ორმხრივი კავშირების აღდგენისა და ნორმალიზებისთვის.
რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, იმავე ლიდერებმა ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომლითაც მათ დაადასტურეს მზაობა, შეიტანონ საკუთარი წვლილი არამხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესების უზრუნველსაყოფად.

