რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მოსკოვში რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი დუბაიში დააკავეს და რუსეთს გადასცეს.
რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია რუსეთის ერთი მოქალაქე, ასევე იდენტიფიცირებულია მისი ორი თანამზრახველი. მათგან ერთი მოსკოვში დააკავეს, ხოლო მეორემ უკრაინაში გადასვლა მოასწრო.
ვლადიმერ ალექსეევს 6 თებერვალს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან თავდამსხმელმა რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა იყო.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, რუსეთის ხელისუფლებამ კიევს არაერთხელ დასდო ბრალი რუსეთში სამხედრო ოფიცრებისა და საზოგადო მოღვაწეების მკვლელობაში.
უკრაინამ ზოგიერთ ასეთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


