ევროპაში უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით შიში იზრდება. ნიდერლანდების არმიას ახალი მოხალისე შეუერთდა. ქვეყნის დედოფალი მაქსიმა სამხედრო მომზადებას გადის და რეზერვისტის სტატუსის მისაღებად ემზადება.
54 წლის დედოფალმა, რომელიც არგენტინაშია დაბადებული და ნიდერლანდების მეფის, ვილემ-ალექსანდრეს მეუღლეა, სამხედრო სწავლება ამ კვირაში დაიწყო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება უკავშირდება უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ევროპაში.
სამეფო ოჯახმაც დაადასტურა, რომ დედოფალს, ბევრი მოქალაქის მსგავსად, სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
დედოფალ მაქსიმას სამხედრო გზას ოჯახიც აგრძელებს. მისმა ქალიშვილმა, ტახტის მემკვიდრემ, პრინცესა ამალიამ, ცოტა ხნის წინ არმიაში საბაზისო მომზადება როგორც მოხალისე რეზერვისტმა გაიარა.
სამხედრო უწყებამ უკვე გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ დედოფალი სროლას სწავლობს, თოკზე ცოცავს და ფიზიკურ მომზადებას გადის. მისი წვრთნა მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს, ფიზიკურ გამძლეობას, თავდაცვას, სროლას, რუკების წაკითხვასა და სამხედრო სამართალს.
სამხედრო მომზადების დასრულების შემდეგ დედოფალს მიენიჭება ლეიტენანტ-პოლკოვნიკის წოდება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ნებაყოფლობით საზღვარგარეთ მისიებში.
ნიდერლანდები არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არმიის გაძლიერებას ცდილობს. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე ევროპის არაერთმა სახელმწიფომ დაიწყო სამხედრო პერსონალის გაზრდა. გერმანია, საფრანგეთი, დანია და ბელგია ახალ პროგრამებს ამოქმედებენ, რათა ახალგაზრდები სამხედრო სამსახურში მიიზიდონ.
ევროპელი სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები მოქალაქეებში პასუხისმგებლობის გრძნობას აძლიერებს. მათი თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანია მზად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დაცვაში.
ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი ფინანსურად სირთულეებთან არის დაკავშირებული. როგორც ერთ-ერთი ყოფილი ფრანგი გენერალი ამბობს, ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია, გააცნობიეროს, რომ თავისუფლება და მშვიდობა თავისით არ მოდის და მათი დაცვა საერთო ძალისხმევას მოითხოვს.

