კატეგორიები

პენსილვანიის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

პენსილვანიის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

ოფიციალური პირების განცხადებით, 4 თებერვლის ღამეს საგანგებო სამსახურის დანაყოფები პენსილვანიის საავადმყოფოს ერთ-ერთ ნაწილში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ და შემთხვევის ადგილიდან პაციენტები გაჰყავდათ.

„როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, ცეცხლი სახურავსა და საოფისე ფართებზე იყო მოდებული. სახანძრო დანაყოფების ადგილზე მოსვლის შემდეგ  დავიწყეთ ხანძრის ქრობის პროცესი. პოლიციამ და პენსილვანიის სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში მყოფთა ევაკუაციაზე იზრუნეს. ხალხი გაიყვანეს საავადმყოფოს ოთხივე სართულიდან და გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან. ხანძარი ძირითადად ლიკვიდირებულია, ახლა ცალკეულ კერებს ვაქრობთ, დაწესებულების უმეტეს ნაწილს ხანძარი არ შეხებია. დაშავებულები არ არიან. ჩემი აზრით, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით,  ყველამ, ვინც შემთხვევის ადგილზე მოვიდა, შესანიშნავი სამუშაო გასწია. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“ – განაცხადა დიქსონ-სითის სახანძრო დეპარტამენტის უფროსმა, რიჩ შევანიკმა.

საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დიქსონ-სითიში ლიჰაი ველის საავადმყოფოდან ყველა პაციენტი, პერსონალი და ვიზიტორი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ლაკავანის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ტომ ტეილორმა, განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან 77 პაციენტი იქნა ევაკუირებული.

„ძველი, ორთოპედიული განყოფილების სახურავზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.  გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოდან 77 პაციენტის გამოყვანა შეძლეს,  მათგან 6 ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან იყო, ერთს სასწრაფოდ დასჭირდა გადაყვანა.” – ამბობს ლაკავანის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი, ტომ ტეილორი.

წინასწარი მონაცემებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გაჩნდა ხანძარი დიქსონ-სითიში,  რომელიც სკრანტონიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

 

Related news
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს მარკვეინ მალინი ჩაანაცვლებს აშშ-ი ირანში სახმელეთო დანაყოფების განლაგებას ამ ეტაპზე არ გეგმავს