კატეგორიები

გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის

გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის

„მსოფლიომ მეცნიერების ნაგვისგან გარჩევა უნდა ისწავლოს“ – ამ მოწოდებით გაეროს გენერალურმა მდივანმა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი სპეციალური ორგანოს ჩამოყალიბებაზე განაცხადა, რომელიც უზრუნველყოფს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ მსოფლიო, უახლოეს მომავალში არ დააყენოს მოუგვარებელი პრობლემების წინაშე.

ეპოქაში, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტად რთულდება ფაქტების სიყალბისგან გარჩევა, გაერო ამ ნაბიჯს კრიტიკულად აუცილებელს უწოდებს.

ორგანიზაციის მიერ 2025 წლის აგვისტოს რეზოლუციის აღსრულება ეტაპობრივად მიმდინარე წელს დაიწყება, სპეციალური კომისია კი იმ პირებით დაკომპლექტდება, რომლებიც ადამიანის უფლებების, ბავშვთა განვითარების, ჯანდაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა მართვის თვალსაზრისით კარგად არიან გათვითცნობიერებული.

ეს კრიტერიუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ სწორი და საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგი გამოიღოს და აღმოფხვრას ყველა ის საფრთხე, რომელიც ახლაც შესამჩნევია, მომავალში კი, შესაძლოა, მეტად გაიზარდოს.

ამასთან, გაეროს მოთხოვნაა, რომ კომისიის წევრები უნდა იყვნენ ნებისმიერი სახელმწიფოსგან, ხელისუფლებისგან, პოლიტიკური ჯგუფისგან, კომპანიისა თუ ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი.

„ეს იქნება პირველი, სრულად დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ეკონომიკასა თუ საზოგადოებაზე მისი რეალური გავლენის შეფასებას. ახლა ეს აქტუალურია ისე, როგორც არასდროს.

ხელოვნური ინტელექტი სინათლის სისწრაფით ვითარდება და ცალკე აღებულ არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია სრული სურათის ხილვა. ჩვენ გვჭირდება საერთო თანხმობა, დაცვის ქმედუნარიანი მექანიზმების შესაქმნელად და საზოგადოებისთვის სასიკეთო ინოვაციების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც თანამშრომლობა აუცილებელია. ექსპერტთა ეს ჯგუფი დაეხმარება მსოფლიოს, განასხვაოს ფაქტები სიყალბისგან და მეცნიერება სისულელისგან…

ნათელია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხელოვნური ინტელექტის, როგორც იარაღის გამოყენება და ვიმედოვნებ, რომ ეს პანელი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება იმის გასააზრებლად, რა ხდება რეალურად, როგორი ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი, როგორ გამოიყენება და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, არსებული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად…“ – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

სპეციალური ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო დაფინანსება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ თანხას გაიღებენ გაეროს წევრი სახელმწიფოები.

გაეროს გენმდივანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად ცალკეულ სახელმწიფოთა და, მითუმეტეს, ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი ვერ იქნება:

„დარწმუნებული ვარ, გვექნება ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ამ პროექტის დაფინანსების საპოვნელად. ეს მიზანი ემსახურება გლობალურ ინტერესს, ამიტომ ამაში ეჭვი არ მეპარება.

დარწმუნებული ვარ, წერილი, რომელიც წევრ სახელმწიფოებს წარვუდგინე, აიძულებს მათ, შეასრულონ ვალდებულებები, რაც, პირველ რიგში მოიცავს საწევრო გადასახადს. მეორე მხრივ, მტკიცედ მჯერა, რომ ისინი შეცვლიან ფინანსურ წესებს, რათა ორგანიზაციამ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება სერიოზული პრობლემების გარეშე…“

ანტონიუ გუტერეშმა 30 იანვარსაც განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან, ხოლო თანხები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ივლისისთვის ამოიწუროს.

კრიზისის წინაშე ორგანიზაცია თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, როდესაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ გაეროს კონკრეტულ სააგენტოებსა თუ პროექტებში ფულის ჩადება „გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვაა“.

Related news
გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის „ადაპტაცია, შემცირება ან გაუქმება“ – აშშ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების რეფორმებს ითხოვს