მთავარიამერიკააშშევროპარლამენტმა აშშ-თან დადებულ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობა განაახლა

ევროპარლამენტმა აშშ-თან დადებულ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობა განაახლა

დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ევროპული სახელმწიფოებისთვის ტარიფების დაწესების მუქარის უკან წაღებიდან ორი კვირის თავზე, ევროკავშირის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ ბლოკსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმების აღსრულებისთვის მუშაობას განაახლებენ.

შეთანხმება, რომელიც 2024 წლის ივლისში დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გაფორმდა, ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 15%-იანი ტარიფების დაწესებას გულისხმობს. ამავე შეთანხმებით ევროკავშირი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს სრულიად ხსნის.

ევროპარლამენტარებს, რომელთაც შეთანხმების სისრულეში მოყვანა საკანონმდებლო გზით ევალებათ, პროცესი შეჩერებული მას შემდეგ ჰქონდათ, რაც დონალდ ტრამპი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუკი ისინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის შეძენას არ დაუშვებდნენ.

„სავაჭრო კომიტეტის წევრები მზად არიან, სწრაფად გააგრძელონ მუშაობა ორ საკანონმდებლო წინადადებაზე, იმ პირობით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეასრულებს ტერნბერის შეთანხმების პირობებს,“ – განაცხადა ევროპარლამენტის სავაჭრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბერნდ ლანგემ. მანვე აღნიშნა, რომ კომიტეტს შეთანხმებაზე კენჭისყრა 24 თებერვალს შეუძლია.

Euronews-ის წყაროების ცნობით, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა შესაძლოა მარტში გაიმართოს.

კანონმდებლებმა, რომლებიც შეთანხმებაზე მუშაობენ, ოთხშაბათს შემდგომ ნაბიჯებზე დახურულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ბერნდ ლანგეს თანახმად, საბოლოოდ უმრავლესობამ მხარი პროცესის განახლებას დაუჭირა, თუმცა შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია მწვავე იყო.

სოციალისტები და დემოკრატები, განახლება და მწვანეები ითხოვენ, შეთანხმებას დაემატოს დებულება, რომელიც მის შეჩერებას შესაძლებელს გახდის, თუკი გრენლანდიის მისამართით მუქარა კვლავ გაისმება. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ შეთანხმებაზე მუშაობის სწრაფად განახლებას ითხოვს.

„ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობებში იმპულსის აღდგენისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა ხორვატმა ევროპარლამენტარმა, ჟელიანა ზოვკომ.

მწვანეების წარმომადგენელი ანა კავაცინი კი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს გადაუჭრელი საკითხები.

„ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განმეორებითი ზეწოლის წინაშე დგას, თუმცა წევრი სახელმწიფოები ამ რეალობაზე თვალს ხუჭავენ,“ – თქვა მან და დაამატა ისიც, რომ ევროპარლამენტმა ამას სიმტკიცით უნდა უპასუხოს.

ულტრა-მემარჯვენე ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეთანხმების მიმართ კვლავ კრიტიკულად განწყობილი რჩება. შიდა წყაროების თანახმად, პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებები სათანადოდ ვერ წარიმართა და ამაში ევროკომისიას ადანაშაულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend