ევროკავშირმა არქტიკის მიმართ ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რათა გაუმკლავდეს მზარდ გეოპოლიტიკური დაძაბულობას, კლიმატის ცვლილებას და რეგიონში მზარდ ეკონომიკურ ინტერესებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ნორვეგიაში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე ისაუბრა.
„ევროკავშირის ახალი არქტიკული პოლიტიკის დროა. ისეთის, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ და იმ სამყაროს, რომლის ნახვაც გვსურს. მათ შორისაა უსაფრთხო არქტიკა. ევროკავშირისთვის აუცილებელია, ეს ძლიერ პარტნიორობაზე იყოს დაფუძნებული. არქტიკასთან მიმართებით, ეს ნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ნორვეგიასთან, კანადასთან და ისლანდიასთან. მათთან ჩვენ მჭიდრო კავშირები უკვე გვაქვს ან მალე გვექნება. ისლანდიის შემთხვევაში, პარტნიორობა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს ითვალისწინებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით დაძაბულობა შემსუბუქებულია, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი გრენლანდიის დაუფლებაზე აღარ საუბრობს. თუმცა კაია კალასს მიაჩნია, რომ აშშ-სთან ურთიერთობების შედარებით დარეგულირების მიუხედავად ევროკავშირი რეგიონში უფრო ძლიერი პოლიტიკით უნდა გამოირჩეოდეს, რომ მომავალში შესაძლო გამოწვევებს სათანადოდ გაუმკლავდეს.
„ნაკლებად ნათელია, თუ მომავალში რა იქნება, ან შემდეგი დავა როდის შეიძლება წარმოიშვას. ამიტომ, გავიმეორებ იმას, რაც ადრე ვთქვი. ევროკავშირი მხარს უჭერს გრენლანდიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, დანიას და ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს ქარტიას. გრენლანდიის მომავალი გრენლანდიელებისა და დანიის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
ნორვეგიაში მიმდინარე ფორუმზე გრენლანდიის საკითხზე ისაუბრა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოტსფელდტმა და განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება, არც ახლა და არც მომავალში.
„წითელი ხაზები ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიის სამეფოს და ჩვენს თვითგამორკვევის უფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, მსოფლიო წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვენი წითელი ხაზები“, – განაცხადა ვივიან მოტსფელდტმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, დანიასა და გრენლანდიას შორის არქტიკული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში შეთანხმდნენ, რომ შეექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-სთან არსებული უთანხმოებების მოგვარებას. ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება არაერთხელ დააანონსა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკას გრენლანდია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან წამოსული საფრთხეების საპასუხოდ სჭირდებოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, გრენლანდიაში მრავლად არიან როგორც რუსული, ისე ჩინური ხომალდები, რაც ატლანტიკური ოკეანის გავლით ამერიკას საფრთხეს უქმნის.
„მართლაც არსებობს საფრთხეები, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ის განწყობა, რომ ჩინეთის მასშტაბური აქტივობა და ინვესტიციები არსებობს, უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება. ის ძირითადად რუსეთშია წარმოდგენილი, რადგან რუსეთი მას ამის უფლებას აძლევს. რა თქმა უნდა, თუ ჩინეთს სურს ინვესტიციის ჩადება ან რამის ყიდვა აქ, ან ნატოს ან სხვა არქტიკულ ქვეყანაში, მათ ნებართვა დასჭირდებათ და თუ ჩვენ ეს არ მოგვეწონება, ისინი ამ ნებართვას ვერ მიიღებენ. ჩინეთი ჩვენს ნორვეგიულ კვლევით სადგურზე, ნიუ-ოლსენშია წარმოდგენილი. ისინი მისაღები მკვლევრები არიან და იმ თამაშის წესებით მოქმედებენ, რომლებიც ჩვენ გვაქვს დამყარებული. არქტიკაში სამეცნიერო კვლევების კუთხით, ჩვენ მათი ინტერესების გვესმის. თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხს სათანადოდ ვუდგებით და მის გარშემო დიდი დრამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან გამომდინარე, არქტიკის რეგიონში დაზვერვის სამსახურები განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ევროკავშირისა თუ ნატო ლიდერები უსაფრთხოების რისკების გაზრდის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ. კაია კალასის განცხადებით, თუ არსებული მიწოდების ჯაჭვები ან სავაჭრო მარშრუტები იარაღად იქცა, ამაზე ევროკავშირი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია, არქტიკული პოლიტიკა დააბალანსოს სტრატეგიულ ინტერესებსა და რეგიონულ სტაბილურობას შორის. მისი თქმით, ნებისმიერი აქტივობა უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, გარემოს დაცვასა და მრავალმხრივ თანამშრომლობას.

