უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ამ კვირაში დაიწყება. მოლაპარაკებები მცირეხნიანი გადავადების შემდეგ განახლდა. თუმცა ფრონტის ხაზზე ბრძოლა გრძელდება და რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მიტანილ იერიშებს კვლავ ეწირება ხალხი.
პრეზიდენტის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს აბუ-დაბიში გაიმართება. ეს ქალაქი უკვე მასპინძლობდა მსგავს შეხვედრას გასულ თვეს.
„ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, რათა მშვიდობისთვის აუცილებელი და რეალური გადაწყვეტილებები მივიღოთ. შეხვედრები ოთხშაბათსა და ხუთშაბათს განახლდება. ეს არ იქნება მხოლოდ სამმხრივი ფორმატი. შეერთებულ შტატებთან ცალკე, ორმხრივი შეხვედრებიც გვექნება. არსებობს საკითხები, რომლებიც შეთანხმებას საჭიროებს და თემები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში მზად ვართ თანამშრომლობისთვის. უკრაინის აღდგენისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი დიალოგის ყველა შესაძლო ფორმატს და შესაბამისი მოლაპარაკება აწარმოოს რუსულ მხარესთან, რათა რუსეთის თავდასხმამ და ტერორმა ხელი არ შეუშალოს იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, ირანის ხელისუფლება კი რეგიონსა და მსოფლიოში ომისა და ძალადობის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, უკრაინა არ დაივიწყებს „შაჰედის“ იმ ათასობით დრონს, რომლებითაც უკრაინის ქალაქებს, სოფლებსა და მოსახლეობას შეუტიეს.
„უკრაინა მხარს უჭერს მათ, ვინც თავისუფლებას აფასებს და მზად არის მის დასაცავად. მთელი მსოფლიო ხედავს ირანში განვითარებულ მოვლენებსა და მსხვერპლის მასშტაბს და იმას, თუ როგორ ჩადო ირანის რეჟიმმა დიდი რესურსი რეგიონსა და მსოფლიოში ომისა და ძალადობის გასავრცელებლად. უკრაინა არ დაივიწყებს „შაჰედის“ იმ ათასობით დრონს, რომლებითაც იერიში მიიტანეს ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და ჩვენს ხალხზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

