მთავარიაზიაისრაელიისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სოფელზე

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სოფელზე

ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთში მდებარე რამდენიმე სოფელზე. ისრაელის არმიის განცხადებით, იერიშის სამიზნე იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას” ეკუთვნოდა.

იერიშამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის სამხედროების არაბულენოვანმა სპიკერმა ავიხაი ადრაემ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ისრაელის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შემდეგ ერთ-ერთი შენობა ძლიერი აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის ჯგუფები მივიდნენ, რომლებიც ხანძრის ლიკვიდაციასა და ნანგრევებში შესაძლო დაზარალებულთა ძებნას შეუდგნენ. აფეთქების ადგილას მიმოფანტული იყო ჭურვის ნამსხვრევები.

ისრაელს, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებზე თითქმის ყოველდღიურად მიაქვს იერიში და „ჰეზბოლას“ადანაშაულებს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში. მიუხედავად აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რომელმაც 2024 წლის ნოემბერში მრავალთვიანი დაპირისპირება ფორმალურად დაასრულა, ისრაელი ლიბანის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ოპერაციას ატარებს.

ლიბანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფის, მათ შორის „ჰეზბოლას”, განიარაღებას გეგმავს. ამასთან, ოფიციალური ბეირუთი ისრაელს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელზე ნებისმიერი თავდასხმა პასუხისმგებელი პირებისთვის „აუტანელ შედეგებს“ გამოიწვევს.

მისი თქმით, ქვეყანა კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და წინ კიდევ არაერთი რთული გამოცდა ელოდება, თუმცა ისრაელი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის. მისი თქმით, უსაფრთხოების ძალები ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.

„ჩვენ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. გველოდება მძიმე პერიოდები, მაგრამ ფხიზლად ვართ და მზად ვართ ნებისმიერი განვითარებისათვის. ვინც ჩვენზე თავდასხმას გაბედავს, მისთვის ეს აუტანელი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend