დროებითი მორატორიუმის შემდეგ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიშები განაახლა. კვირა დილით უკრაინის ქალაქ დნიპროზე შაჰედის ტიპის დრონებით მიტანილ იერიშს 15 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მაღაროელები იყვნენ, რომლებიც ცვლის შემდეგ სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ, როდესაც ტრანსპორტზე დარტყმა განხორციელდა. დაშავებულია 7 ადამიანი. დარტყმა იყო ხერსონზეც, აქ სამიზნე კვლავ ავტობუსი აღმოჩნდა. რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს სამშობიაროზეც. დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბიჭი.
„იმ მომენტისთვის მიმღებთან პაციენტები არ მდგარან, პირველ სართულზე ვიყავი, როდესაც ხმაური გავიგონე, ეს შაჰედის დრონი იყო, რომელიც გვიახლოვდებოდა. ტელეფონი ავიღე და სწრაფად გავიქეცი, შემდეგ იყო აფეთქება”, – აღნიშნავს სამშობიაროს თანამშრომელი, ვალენტინა გრიგორივნა.
„აფეთქების ხმა გავიგონეთ და მეუღლესთან ერთად მოვედი, რომ აქაურობა დავალაგო. ეს ფიზიოთერაპიის ოთახია, სადაც კარდიოგრამას ვიღებთ ხოლმე. ჯერ ისევ შოკში ვარ, 20 წელია, აქ ვმუშაობ და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის ხილვა ჩემს სამსახურში“, – ამბობს ექთანი, ანნა ზვულსკა.
ეს ყველაფერი კი რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ხდება აბუ-დაბიში, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააანონსა. სამმხრივი შეხვედრა კვლავ აშშ-ის მონაწილეობით გაიმართება, უკვე 4-5 თებერვალს. უკრაინელი ლიდერის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ხელშესახები დისკუსიისთვის, ის იმედოვნებს, რომ შეხვედრა ომს რეალურ და ღირსეულ დასასრულამდე მიიყვანს, თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე საუბარს მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან აპირებს. პრეზიდენტების თქმით, ამის გარეშე დიპლომატებითა და სამხედროებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვერ შეძლებენ ტერიტორიული საკითხების მოგვარებას.
„ორშაბათს ჩვენი ჯგუფი მოლაპარაკებებზე მიფრინავს. სამმხრივი შეხვედრა უკვე შეთანხმდა, შესაბამის დონეზე. ის, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს წინა შეხვედრის მსგავსად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შედგება. უკვე ვესაუბრე რუსტემ უმეროვს, მოლაპარაკებების ჩარჩოსა და სხვა სამზადისთან დაკავშირებით. ველით, რომ ამერიკული მხარე იქნება ძველებურად აქტიური, დეესკალაციის ზომები იქნება ეს თუ იერიშების შემცირება. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რაში იქნება ამერიკული მხარე წარმატებული, იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა პროცესისა და შედეგების მიმართ. მსურს, გამოვეხმაურო დღეს დნიპროში ავტობუსზე განხორციელებულ დარტყმას. ეს დანაშაულია, საჩვენებელი დანაშაული, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ესკალაციაზე. ბოროტება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა საკუთარ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ოფიციალური კიევის ცნობით, მხოლოდ იანვარში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 6 ათასი დრონი გამოიყენა. ყინვებში უკრაინაზე იერიშების დრონებით შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტისთვის მიცემული პირობა კრემლმა 30 იანვარს ამოწურა და სწრაფად შეუდგა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას. ამჟამად 8 ათასამდე ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება ოდესაში. კიევში სარემონტო სამუშაოების წყალობით მათმა რიცხვმა იკლო და ამჟამად ენერგია 200-მდე ოჯახშია აღსადგენი. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთს შესუსტების გეგმას მიჰყვება ევროკავშირი, უკვე მზადებაშია მე-20 სასანქციო პაკეტი. კრემლში ისევ ამტკიცებენ, რომ ამ გზებით ვერ დააზიანებენ.
„დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის ფონზე დაებლოკათ ბიზნესკავშირები რუსეთთან, შენარჩუნდა და გაიზარდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ჩვენი საექსპორტო კონტრაქტები სტაბილურობას ინარჩუნებს. გასულ წელს რუსეთის სამხედრო პროდუქცია 30-მდე ქვეყანამ შეისყიდა მსოფლიოში. შემოსავალმა კი 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – აღნიშნა სამხედრო-ტექნოლოგიურ ჯგუფთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობილია, რომ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები სტვენ უიტკოფი და კირილ დიმიტრიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ერთმანეთს შაბათს შეხვდნენ, ითქვა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო, შედეგზე კი არაფერი თქმულა.
