კატეგორიები

რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნა

რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნა

ღაზის მოსახლეობა რამდენიმეთვიანი ჩაკეტვის შემდეგ  რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის სრულად  გახსნას ელოდება.  ეგვიპტის მიმართულებით გადასასვლელის გახსნა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.

ღაზის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისში, მოსახლეობა ამ ამბავს იმედით შეხვდა. თუმცა ისინი გაფრთხილებული არიან, რომ უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. მათ იციან, რომ პირველ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთას ყველა ვერ შეძლებს. იკრძალება  ტვირთის გატანაც.

რაფაჰი პალესტინელებისთვის ერთადერთი გზაა ღაზიდან გასაღწევად. გადასასვლელი 2024 წლის მაისიდანაა დახურული.

„ახალი ამბებიდან ვიგებთ, რომ, ღვთის წყალობით, გადასასვლელი  ხვალ  ოფიციალურად გაიხსნება. ვიმედოვნებთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის და მგზავრების შესვლა-გამოსვლა მარტივი იქნება. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და ხანდაზმულია, რომლებიც დაავადებების გამო იტანჯებიან. სამკურნალოდ ისინი აუცილებლად ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში უნდა გადავიდნენ”, – განაცხადა იძულებით გადაადგილებულმა პალესტინელმა ღალია აბუ მუსტაფამ.

ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთის ნება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიეცემა, თუმცა მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 20 ათასია, მათ შორის არიან ბავშვები, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ღაზის მოსახლეობას სხვადასხვა მიზეზის გამო სურს ღაზის დატოვება.

„ზოგადად, გადასასვლელის გახსნა კარგი ინიციატივაა. მაგრამ ადამიანების რაოდენობაზე შეზღუდვის დაწესება პრობლემას ქმნის. ბევრს მოგზაურობა ემიგრაციის გამო  კი არ სურს. ისინი სტუდენტები არიან, სამსახურში დაბრუნება უნდათ, მკურნალობა სჭირდებათ ან უბრალოდ გადაადგილება. როდესაც  ლიმიტს აწესებენ, ეს ხალხს სერიოზულ სირთულეს უქმნის. თუ რაოდენობა გაიზრდება და როგორც ადრე იყო,  ადამიანებს თავისუფლად შესვლა-გამოსვლა შეეძლებათ, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მოქალაქეებისა და მთელი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა იძულებით გადაადგილებულმა პალესტინელმა ღალია აბუ მუსტაფამ.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც თვეებია მძიმე პირობებში ცხოვრობენ და  სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ. ბეით ჰანუნიდან იძულებით გადაადგილებული ჰანი ალ-მასრი ამბობს, რომ მისი მშობლები ავად არიან. ისინი საზღვრის გახსნას დიდი ხანია ელოდებიან.

რაფაჰის გადასასვლელი  ისრაელის განახლებული თავდასხმის ფონზე იხსნება.  ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში  30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  ბავშვებიც. თავის მხრივ, ისრაელი  „ჰამასს“  ადანაშაულებს ზავის დარღვევაში.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზის სექტორში თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა