კატეგორიები

აშშ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გეგმავს

აშშ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას გეგმავს

შვიდწლიანი წყვეტის შემდეგ, შესაძლოა, კარაკასში ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნას.

ვაშინგტონის სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან ერთი თვის თავზე, თეთრი სახლი ვენესუელასთან 2019 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე მუშაობს.

ამ ნაბიჯის გადასადგმელად კი კარაკასს ვენესუელის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დროებითი რწმუნებული ლაურა დოგუ ეწვია.

მის ვიზიტს მიესალმება ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან გილი, რომლის თქმითაც, ამერიკელი დიპლომატის ეს ნაბიჯი არის იმ საერთო პროგრამის ნაწილი, რომელიც მიმართულია ორი ქვეყნის ერთობლივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ურთიერთპატივისცემასა თუ საერთაშორისო წესრიგის გათვალისწინებით ყველა იმ სადავო საკითხის მოგვარებაზე, რაც წლებია, დაგროვდა ვენესუელასა და ამერიკას შორის.

ლაურა დოგუს ამ ვიზიტს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დელეგაციის 9 იანვრის შეხვედრა კარაკასში, სადაც მათი მიზანი იყო, შეეფასებინათ „ტექნიკური და ლოჯისტიკური საკითხები“ იმის დასადგენად, რამდენად შესაძლებელი იყო ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ვიზიტი ემთხვევა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის, მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პოლიტიკური პატიმრებისთვის ამნისტიის გამოცხადების შესახებ:

„მსურს, გამოვაცხადო გადაწყვეტილება საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების შესახებ, რომელიც მოიცავს პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებს 1999 წლიდან დღემდე.

„სამშობლოს მცველების“ ოპერაციის გადატვირთვის ფარგლებში, რომელიც ჩვენი პოლიციელებისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამას ითვალისწინებს, გადავწყვიტეთ, რომ ხელიკოიდის პენიტენციური დაწესებულებები გადაკეთდება სოციალურ, სპორტულ, კულტურულ და კომერციულ ცენტრად პოლიციელთა ოჯახებისთვის“, – განაცხადა ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების თანახმად, ნიკოლას მადუროს ძალაუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დადასტურებულია 310 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, თუმცა ვენესუელის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათი რაოდენობა 600-ს აჭარბებს.

ოჯახების წევრთა და ახლობელთა სახლებში დაბრუნების მოთხოვნით, ერთი თვეა, მოქალაქეები არიან შეკრებილი იმ ცნობილ ციხესთან, რომელიც მრავალი წელია, ნიკოლას მადუროს რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ არის ქცეული.

ვაშინგტონის სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ კი მოსახლეობას შორის კვლავ რჩება სხვადასხვა შეხედულება. მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს ბევრი მათგანი შიშით, უიმედობითა და გაურკვევლობით უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელელთა უმრავლესობისთვის ნიკოლას მადუროს მმართველობის პირობებში ცხოვრება ყოველდღიურ ტანჯვასთან იყო დაკავშირებული, ახლა მათთვის ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება მათი ქვეყნის მომავალი.

ანალიტიკოსების თანახმად, არსებული ვითარება დროებითია, ხოლო 3 იანვრის სპეცოპერაციის გარეშე, პოლიტიკური ცვლილებები სხვა გზით, ვერ იქნებოდა მიღწეული.

„არავის მოსწონს, როდესაც მათი ქვეყნის საქმეებში ერევიან, თუმცა სხვანაირად პოლიტიკური ცვლილებები ვერ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, 3 იანვარს შიდა კონტროლი დაწესდა, მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მანევრირების უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება. ამ ფორმით, შიდა კონტროლი განსაზღვრავს პრიორიტეტებსა და ცვლილებების რიტმს.

არ ვიცი, გაიხლიჩება თუ რა ვენესუელის ახლა მოქმედი ხელისუფლება, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო კონტროლი მაინც არასაკმარისი იქნება მაქსიმალური წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, ამას, ალბათ, არასაკმარისად იაზრებენ თანამედროვე ვენესუელაში.

ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ, თუკი ყველაფერს დავაკისრებთ გარე მაკონტროლებელს, ვგულისხმობ, დემოკრატიზაციას, ყველა გარანტიის აღდგენას, მათ შორის სამოქალაქო თავისუფლების, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებები და დემოკრატიისთვის ფუძემდებლური სახის თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული, მიუკერძოებელი და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ არჩევნების ჩატარებას. ეს კი იმიტომ, რომ, უმეტეს შემთხვევაში საჭიროა საგარეო ზეწოლისა და შიდა წინააღმდეგობის კომბინაცია…“ – ამბობს ანალიტიკოსი ჯონ მაგდალენო.

ვიდრე კარაკასი ჯერ კიდევ პოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში განაგრძობს ცხოვრებას, ვენესუელის სამხედროები და პოლიცია ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, მათთვის პირველ ქალ მთავარსარდალს, დელსი როდრიგესს ერთგულებას უცხადებენ.

დიპლომატიური კავშირების აღდგენის გარდა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ვენესუელას საჰაერო სივრცის გახსნას.

The Washington Post-ის თანახმად, 30 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა ვენესუელას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 53-ე შტატად შემოერთების შესახებ კანადისა და გრენლანდიის შემდეგ.

მიუხედავად გრენლანდიის თაობაზე ტრამპის სიტყვებისა და გეგმებისა, თეთრი სახლის ლიდერი მსგავს განცხადებებს, ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ, ხშირად აკეთებს.

Related news
შეერთებული შტატები და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ ვენესუელაში საბოლოოდ მიიღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონი