კატეგორიები

აშშ კუბის კომუნისტური ხელისუფლებისგან დათმობას ელის

აშშ კუბის კომუნისტური ხელისუფლებისგან დათმობას ელის

ვაშინგტონი ელის, რომ კუბის კომუნისტური მმართველობა მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდება და დათანხმდება იმ პირობებს, რომლებიც, თეთრი სახლის ვარაუდით, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორი ქვეყნის კავშირების აღდგენას, არამედ მნიშვნელოვნად წაადგება ადგილობრივ მოსახლეობასაც.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანახმად, მის ადმინისტრაციას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია კუბის მოქმედ ხელისუფლებასთან.

მოლაპარაკებების ფორმატამდე კი ვაშინგტონი კუნძულოვანი ქვეყნის წინააღმდეგ ზეწოლას აძლიერებს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მან გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ვენესუელიდან და მექსიკიდან ნავთობის მიწოდების შესაზღუდად, რამაც კუბაში კრიზისი გამოიწვია – ვენესუელაში ვაშინგტონის მიერ ჩატარებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დღემდე კუბის ნავთობპროდუქტების მომმარაგებელი სახელმწიფო სწორედ ვენესუელა იყო.

გასულ კვირას კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტარიფები დაუწესა, ასევე უკვე დაწესებული ტარიფები გაუზარდა კუბისთვის ნავთობის მიმწოდებელ ან ნედლეულის შესყიდვაში ხელშემწყობ ქვეყნებს.

„კუბა დიდი ხანია, წარუმატებელი სახელმწიფოა, მაგრამ ახლა მას აღარც ვენესუელა ჰყავს, რომელიც მის მხარდაჭერას შეძლებდა. ამიტომაც, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კუბის ხელისუფლებასთან, ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან. ვნახავთ, რა გამოგვივა.

მინდა, რომ ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და ვისაც კუბა საშინლად ექცეოდა, რათა მათ შეძლონ შინ დაბრუნდება და აკეთონ ის, რაც სურთ. მათ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც წლებია, აღარ უნახავთ. ძალიან ბევრი წელია, არ უნახავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას კუბასთან.

კუბა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია – მას ჰუმანიტარული პრობლემაც აქვს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მეზობელი მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადების მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, თეთრი სახლის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, კონტინენტის სახელმწიფოებში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს კეთდება კუბისა და მისი მოსახლეობის გათავისუფლებისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ შეეცდება, ყველა გზა ამოქოლოს, რომლითაც მექსიკა ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა შეეცდება, გვერდი აუაროს თეთრი სახლის შეზღუდვებს.

დონალდ ტრამპმა ეს თავისი მექსიკელი კოლეგის განცხადების საპასუხოდ თქვა, როდესაც მან მიუთითა, რომ განაგრძობს ალტერნატიული გზების ძიებას, კუბისთვის ნავთობის მისაწოდებლად.

„რა თქმა უნდა, არ გვინდა გავრისკოთ და გამოვიწვიოთ მექსიკის წინააღმდეგ ახალი ტარიფების დაწესება. მივისწრაფვით იმისკენ, რომ დიპლომატიური გზებით ვეძებოთ დიალოგის საფუძველი, რაც თავიდან აგვაცილებდა ისედაც ძალიან მძიმე პირობებში მყოფი კუბელი ხალხის მდგომარეობის გაუარესებას…

უკიდურესად მნიშვნელოვანია, კუნძულზე არ წარმოიშვას დიპლომატიური კრიზისი, ამიტომაც დავავალე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, განიხილოს ეს საკითხი ამერიკის მთავრობასთან ან სთხოვოს მათ ნავთობის გაგზავნა. ეს არის კუბელი ხალხის მხარდაჭერის საკითხი“, – თქვა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა.

ვიდრე ტარიფების დაწესებით გამოწვეული ზეწოლის გზით, დონალდ ტრამპი ელის, რომ ამით კუბის კომუნისტური ხელისუფლება დათმობაზე წავა ან სულაც, დატოვებს მართვის სადავეებს, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს კუბის მოსახლეობა, რომელსაც ეს ნაბიჯი არა ქვეყნის ხელისუფლების, არამედ ხალხის საწინააღმდეგო მიაჩნია.

„მსოფლიო ველურ დასავლეთად იქცა. ახლა 90 წლის ვარ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვუყურებდი ფილმებს, სადაც მიწების დასაპყრობად იარაღს იყენებდნენ. ეს არის მსოფლიოს ახალი შერიფის, ფაშისტი ტრამპის სული“, – ამბობს კუბის მცხოვრები, პენსიონერი ლასარო ალფონსო.

„წარმოადგენს თუ არა კუბა საფრთხეს ამერიკისთვის? შეგიძლიათ, ამას შეხედოთ, როგორც გინდა. კუბა საფრთხეს წარმოადგენს კუბელებისა და არა ამერიკისთვის. ჩვენთვის, კუბელებისთვის საფრთხეა ხელისუფლება. ზომები, რომლებსაც დონალდ ტრამპი მიმართავს, მძიმეა, რადგან ისინი ხალხს შეეხება და არა ხელისუფლებას“, – ამბობს კუბის მცხოვრები, გარემოვაჭრე იანიუს კაბრერა.

კუბისადმი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების პარალელურად, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 29 იანვარს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში რუსული, ირანული და ჩინური გავლენის დასრულების აუცილებლობასა და, ამ მხრივ, ვაშინგტონის გეგმების შესახებ ისაუბრა.

დღეს კუბის მოქმედი კომუნისტური ხელისუფლება მოსკოვის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება, განსაკუთრებით ვენესუელაში ნიკოლას მადუროს მმართველობის დასრულების შემდეგ, როდესაც კრემლის პოზიციები სამხრეთ ამერიკაში სუსტდება.

მარკო რუბიოს თქმით, კუბის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული ემბარგოს საკითხი ჰელმს-ბერტონის კანონით არის განმტკიცებული, რომლის მოხსნისთვისაც აუცილებელია ქვეყანაში არსებული „რეჟიმის შეცვლა“, თუმცა სახელმწიფო მდივანს დეტალებზე არ უსაუბრია.

დაკავშირებული ამბები
ენერგეტიკული კრიზისის ფონზე რუსეთი კუბაზე მეორე ნავთობტანკერს აგზავნის აშშ-ის ნებართვის შემდეგ, კუბა რუსული ნავთობის მოლოდინშია