27 იანვარს სერბეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის მიერ უნივერსიტეტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს აპროტესტებდნენ. წელიწადზე მეტია, უნივერსიტეტები ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მთავარი ძალაა.
მომიტინგეებმა აქცია ქალაქის ცენტრში, ბელგრადის უნივერსიტეტთან, განათლებისა და ასევე სერბეთის მფარველი წმინდანის ხსენების დღეს მოაწყვეს.
შეკრება, სახელწოდებით „ცოდნა ძალაა“, ბალკანეთის მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ლექტორებისა და მასწავლებლების მხარდასაჭერად გაიმართა, რომლებმაც სამსახური ან თანამდებობები ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაკარგეს.
„დღეს აქ ვარ, რადგან ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოველდღიურად ვიბრძოდით, დღეს კი წმინდა საბას დღეს აღვნიშნავთ და ამ ბრძოლის დასასრულს ველით. 28 დეკემბერს არჩევნების ჩასატარებლად ხელმოწერები შევაგროვეთ. გვსურს, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ერთი თვის შემდეგაც არ შეგვიმცირებია ზეწოლა, ქუჩებში ისევ ბევრი ხალხია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პეტარ ჰაიდერმა.
სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები პირველად 2024 წლის ნოემბერს ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. როგორც ცნობილია, ინციდენტს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სერბეთში მიაჩნიათ, რომ ტრაგედია კორუფციასა და შენობის რემონტის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა.
ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციები სერბეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი და მრავალრიცხოვანი იყო, დემონსტრაციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
„მე აქ ვარ სტუდენტური მოძრაობის მხარდასაჭერად. პირველივე დღიდან ვესწრები უნივერსიტეტის პლენარულ სხდომებს. ყოველთვის აქ ვარ. დაძაბულობა არ ცხრება. ჩვენ კვლავ ვიბრძვით. ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევთ და ყველაფერი კარგად იქნება“. – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კატარინა.
ვუჩიჩმა უარი განაცხადა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, როგორც ამას მომიტინგეები მოითხოვდნენ. ნაცვლად ამისა მთავრობამ ზეწოლა გააძლიერა.
ვუჩიჩი, რომელსაც დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, სერბეთის ევროკავშირში გაწევრებას ცდილობს. თუმცა პარალელურად აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთსა და ჩინეთთან.
საერთაშორისო საზოგადოება სერბეთის მთავრობას მომიტინგეების მიმართ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისა და მათი დაკავების გამო აკრიტიკებს.

