ომით განადგურებულ ღაზაში მცხოვრებმა პალესტინელებმა ჯერ კიდევ არ იციან, გაუმჯობესდება თუ არა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბოლო მძევლის ცხედარი დაიბრუნა.
ღაზაში იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ სიცივე და ჰუმანიტარული ტვირთის შეზღუდული რაოდენობა მათ ყოველდღიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ისინი კვლავ ელოდებიან რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას ეგვიპტის მიმართულებით.
„ბოლო მძევლის ცხედარი უკვე იპოვეს. ამიტომ რაფაჰის გადასასვლელი უნდა გაიხსნას. გაუგებარია, რატომ არის ის ისევ დახურული. აქ ბევრი ავადმყოფია. ამ გზის გახსნა აუცილებელია როგორც გადაადგილებისთვის, ისე სამედიცინო დახმარების მისაღებად. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. საკმარისია!“ – ამბობს რაფაჰიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ალი აბუ ალ-ეიში.
ისრაელელმა სამხედროებმა რან გვილის ნეშტი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე აღმოაჩინეს. მისი დაბრუნება, ფორმალურად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი 20-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმის პირველი ეტაპის დასრულებას ნიშნავს.
„გვეუბნებოდნენ, რომ ბოლო მძევლის დაბრუნების შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა. მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ მოხდება“, – აცხადებს ღაზაში იძულებით გადაადგილებული პირი შარიფ აბუ ჰილალი.
შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვრის გახსნა იქნება, რაც პალესტინელებს გადაადგილების საშუალებას მისცემს და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ხან-იუნისში კარვებში მცხოვრებნი მოითხოვენ, რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდეს მდგომარეობა.
ღაზაში ომი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ისრაელზე თავდასხმას 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 251 პირი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციებს 2023 წლიდან დღემდე 71,660 პალესტინელი შეეწირა. ცეცხლის შეწყვეტის უახლესი შეთანხმების შემდეგ კი 480-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსებას, „ჰამასის“ განიარაღებას, ისრაელის ჯარების უკან დახევასა და ღაზის აღდგენას ითვალისწინებს.

