ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკის სამიზნეა. მას შემდეგ, რაც მარკ რუტემ განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლობაზე ევროკავშირს მხოლოდ „ოცნების გაგრძელება“ შეუძლია, სოციალურ პლატფორმებსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში რუტეს სიტყვები მკვეთრად უარყოფითად არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შეაფასა.
ორიოდე დღის წინ ნატოს გენერალური მდივანი ევროპარლამენტარებს შეხვდა და ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და შტატების ევროპასთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ეს კი იმ ფონზე, როცა სულ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩაგდებას ხისტი ზომებით ცდილობდა, რამაც თითქმის 80 წლის წინ ჩამოყალიბებული ტრანსატლანტიკური ალიანსი დაშლის ზღვარზე მიიყვანა.
ვითარება სწორედ მარკ რუტეს შუამავლობით მიღწეული არქტიკული უსაფრთხოების შეთანხმებით განიმუხტა.
„თუ აქ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირს, ან მთლიანად ევროპას, შეუძლია საკუთარი თავი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე დაიცვას – ოცნება გააგრძელეთ“, – გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტარებს და აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთმანეთი სჭირდებათ.
მანვე თქვა, რომ თუკი ევროკავშირი ვაშინგტონის მხარდაჭერას დაკარგავს, ევროპულ ქვეყნებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ის დახარჯვა მოუწევთ.
„თქვენ მოგიწევთ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების შექმნა. ეს მილიარდობით ევრო დაგიჯდებათ. ასეთ სცენარში თქვენ დაკარგავთ ჩვენი თავისუფლების მთავარ გარანტს – ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვულ ქოლგას. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ“, – გამოუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ევროპარლამენტარებს.
რუტეს გამოსვლამ ევროპარლამენტში სოციალური მედიის ყურადღება მალევე მიიქცია. მისი განცხადება ბევრმა მომხმარებელმა გააზიარა და არაერთმა ანალიტიკოსმა გაანალიზა.
რუტეს წინააღმდეგ ყველაზე მძაფრი კრიტიკა საფრანგეთიდან წამოვიდა – ქვეყნიდან, რომელიც „სტრატეგიული ავტონომიის“ კონცეფციას მხარს აქტიურად უჭერს.
„ევროპელებს შეუძლიათ და ვალდებულები არიან საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად იზრუნონ. ამას თავად შეერთებული შტატებიც ეთანხმება. ეს არის ნატოს ევროპული საყრდენი“, – დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ პლატფორმა X-ზე.
იგივე გზავნილი გაიმეორა ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამენ ადადმა და ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდი დონორი ევროპაა და არა ამერიკის შეერთებული შტატები.
„თავდაცვის თვალსაზრისით გაცილებით შორს უნდა წავიდეთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ვხედავთ სამყაროს, რომელიც უფრო სასტიკი და უფრო ძალადობრივი ხდება. ვხედავთ მუქარებს ამერიკელი მოკავშირეების მხრიდან დანიის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – განაცხადა ადადმა DW-სთან ინტერვიუში.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ევროპარლამენტარებთან შეხვედრას თავადაც ესწრებოდა, რუტეს განცხადებები კიდევ უფრო კრიტიკულად შეაფასა.
„ეს სამარცხვინო მომენტი იყო. რუტეს ჰგონია, რომ ევროპელების მიმართ უხეშობა ტრამპს მოეწონება. ჩვენ ტრამპის ფანატიკოსი არ გვჭირდება. ნატოს ბალანსის აღდგენა სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპულ ძალისხმევას შორის“, – დაწერა ლუაზომ სოციალურ ქსელში.
ევროკომისიის პრესსპიკერმა პაულა პინიომ, მარკ რუტეს პასუხად განაცხადა, რომ პოლიტიკური აქცენტი ევროკავშირის მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ზრდაზე უნდა დარჩეს, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თვალსაზრისითაც.
„პოზიტიური მაგალითი გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ შევძელით რუსეთთან წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება“, – თქვა პინიომ სამშაბათს, 27 იანვარს და დაამატა, რომ „ასეთი დამოკიდებულებები სხვა სფეროებშიც არსებობს.“
მან გაიხსენა ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვა, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას თქვა დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ამ სიტყვაში საკვანძო მზარდი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე „ევროპული დამოუკიდებლობისკენ“ მოწოდება იყო.
„გზებს რეალურად ვაერთიანებთ ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა პაულა პინიომ და განმარტა, რომ ეს დამოუკიდებლობის ეტაპობრივად მიღწევისთვის ხდება.

