მთავარიამერიკააშშმინეაპოლისელები ისევ მოითხოვენ ქალაქიდან ICE-ს აგენტების გაყვანას

მინეაპოლისელები ისევ მოითხოვენ ქალაქიდან ICE-ს აგენტების გაყვანას

მინეაპოლისელთა მოთხოვნები უცვლელი რჩება – თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერი გადაწყვეტილების მიღება და მინესოტის შტატიდან ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის აგენტების დროულად გაყვანა.

ქალაქში პროტესტი არ წყდება. 27 იანვრის საღამოს მინეაპოლისი ჯერ მხოლოდ სასაზღვრო პატრულის ხელმძღვანელმა გრეგ ბოვინომ დატოვა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ 24 იანვარს, საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მიერ მოკლული ალექს პრეტი შეიარაღებული იყო და სამართალდამცველებზე თავდასხმას გეგმავდა, რაც მათ გასროლილი ტყვიით აღკვეთეს.

დემონსტრაციები მინესოტის შტატის ფარგლებსაც გაცდა და დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის საწინააღმდეგო გამოსვლები კალიფორნიაშიც გაიმართა.

ვიდრე მოქალაქეთა მოთხოვნები უცვლელი რჩება, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის კი მინეაპოლისში ჯერ კიდევ 7 იანვარს დაწყებული შეტაკება არ ცხრება, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე საუბრობს.

მისი მტკიცებით, ეს ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების დამსახურებაა, რომლებსაც მათი საწინააღმდეგო პროტესტის მიუხედავად, „ღირსეულ პატრიოტებსა“ და „ბრწყინვალე ადამიანებს“ უწოდებს:

„ბევრს კითხულობთ მინესოტის შესახებ, სადაც, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ დანაშაულის მაჩვენებელი. დავაკავეთ ათასობით სახიფათო, მოძალადე დამნაშავე.

თქვენ არ კითხულობთ, მაგალითად, ვაშინგტონზე, კოლუმბიის ოლქზე, სადაც დანაშაული, ფაქტობრივად, არ არსებობს, წელიწად-ნახევრის წინ კი იქ საშინელი ვითარება იყო. მემფისი, ტენესი, სადაც კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა, ახლა კი ბევრად გაუმჯობესდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკა 78%-ით შემცირდა.

ლუიზიანის გუბერნატორმა მთხოვა დახმარება ახალ ორლეანთან დაკავშირებით. იქაც კატასტროფული ვითარება იყო და სამ კვირაში მოვახერხეთ დანაშაულის მაჩვენებლის 54%-ით შემცირება. ამის შესახებ არ კითხულობთ. ამ ყველაფერს კი მივაღწიეთ ამ შტატებიდან დამნაშავეთა გაყვანით.

კოლუმბიის შტატიდან 2 000-ზე მეტი დამნაშავე გავაძევეთ. მარტივია – თუკი გახსოვთ, შტატის მოსახლეობის 2% იყო დამნაშავე დანაშაულის 90 პროცენტისთვის. არც თუ ისე შეუძლებელია, არა?

ბოლო ერთ წელიწადში მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მკვლელობების ყველაზე დიდი რაოდენობით შემცირება.

ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა 21%-ით შემცირდა. საუკეთესო შედეგებს უნდა მივაღწიოთ…“

მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების გამო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ არ წყდება ოპონენტების კრიტიკა.

ქალაქის მერიაში წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრის, ილჰან ომარის სიტყვით გამოსვლისას, სადაც ის სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებზე საუბრობდა, უცნობმა პირმა მას გაურკვეველი სითხე შეასხა.

მოქალაქე ადგილზე დააკავეს. რამდენიმე საათით ადრე კი ილჰან ომარის პოზიცია დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა:

„ამ ბრძენ ადამიანს შეხედეთ? ის მუდმივად საუბრობს კონსტიტუციაზე… ის არის ქვეყნიდან, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სახელმწიფოა. ქვეყანაც კი  არ არის, მგონი მთავრობაც კი არ ჰყავს. მხოლოდ ერთ რამეში არიან კარგები – მეკობრეებში, თუმცა მგონი, ამაშიც ვეღარ. იცით რატომ? რადგან მათ ვექცევით ზუსტად ისე, როგორც ნარკომოვაჭრეებს…“

აშშ-ის პრეზიდენტის მწვავე განცხადებების ფონზე, ქვეყნის პირველი ლედი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა თუკი ის მშვიდობიან და კონსტიტუციურ ჩარჩოებში იქნება მოქცეული:

„ერთიანობა გვჭირდება და ამისთვის მოგიწოდებთ. ვიცი, ჩემს მეუღლეს, პრეზიდენტს ჰქონდა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მინესოტის გუბერნატორ ტიმ უოლცსა და მინეაპოლისის მერ ჯეიკობ ფრეისთან და ისინი ერთობლივად მუშაობენ არეულობის გარეშე, მშვიდი ვითარების უზრუნველსაყოფად.

ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ, გთხოვთ, თუკი აპროტესტებთ, ეს მშვიდობიანად გააკეთეთ. ახლა ერთიანობა გვჭირდება“.

დონალდ ტრამპის გარდა, კრიტიკის სამიზნე არის მისი მინისტრთა კაბინეტიც:
„ალექს პრეტის სიკვდილის ამსახველი, ინტერნეტში გავრცელებული მრავალი კადრი შემაძრწუნებელია. მათზე ჩანს, რომ ალექსს ხუთ წამზე ნაკლებ დროში ათჯერ ესროლეს. მათზე ჩანს, რომ მას ხელში მხოლოდ მობილური ტელეფონი ეკავა.

თუკი ჩვენს თვალებსა და ყურებს დავუჯერებთ და არა ტრამპის ადმინისტრაციის პროპაგანდას, სრულიად აშკარაა, რომ ალექსი დღისით, მზისით მოკლეს. რასაც აკეთებენ საიმიგრაციო სამსახური და სასაზღვრო პატრული მინეაპოლისსა თუ ქვეყნის სხვა ქალაქებში, ეს არ არის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მითუმეტეს არ არის მართლწესრიგის დაცვა.

საიმიგრაციო სამსახური დაკავებულია უკანონობისა და არეულობის მოწყობით. ეს სამსახური არის სახელმწიფოს მიერ ნებადართული ბანდიტიზმი და ეს უნდა შევაჩეროთ. ფედერალურმა სამსახურმა დღესვე უნდა დატოვოს მინესოტა – არც ხვალ და არც მომდევნო კვირაში, დღესვე!“ – განაცხადა სენატორმა ჩაკ შუმერმა.

„დემოკრატი“ სენატორი უკმაყოფილოა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის განცხადებებით, რომელსაც სიძულვილის გაღვივებასა და არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი, თუმცა თავი შეიკავა მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრისგან. მისივე თქმით, „დემოკრატები“ არ დაუჭერენ მხარს შიდა უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსების საკითხს:

„კრისტი ნოემი, რომელმაც პრეტის სიკვდილიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში კვლავ მცირე მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმა ჩაიდინა და სურდა ძალადობრივად ემოქმედა. იცით, როგორია ტრამპის საკმაოდ ბევრი მაღალჩინოსნის რეაქცია, როდესაც რაღაც საშინელი ხდება? ტყუილი. ეს არის მათი მყისიერი რეაქცია – არც სიმართლე ეძებონ, არც თანადგომა დაღუპულებისადმი, არამედ სიცრუე.

კრისტი ნოემი არის მატყუარა. ის საზიზღარი და არაკომპეტენტურიც არის. დონალდ ტრამპმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის, ვიდრე მისი მმართველობისას კიდევ ერთი ამერიკელი დაიღუპება. და საერთოდ სად არის დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობის საკითხი? მას არაფერი უთქვამს, ნოემისა და მილერის ტყუილისა და სიმდაბლის დასაგმობად.

როგორც ჩანს, ის მაინც უპირატესობას ანიჭებს მის ადმინისტრაციაში ხედავდეს სერიულ მატყუარებს და არა მართალ ადამიანებს. ისეთი სიცრუე, რომელსაც ვხედავთ კრისტი ნოემისა და სტივენ მილერისგან ეს არის საკვები ავტორიტარული რეჟიმებისთვის და არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის“.

თუკი სენატი შესაბამის კანონპროექტს არ მიიღებს, კვირის ბოლოს მთავრობა ნაწილობრივ შეაჩერებს მუშაობას.

მინეაპოლისში განვითარებული პროცესების პარალელურად, იტალიურმა მედიამ, რომში ამერიკის საელჩოს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, იტალიაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკულ დელეგაციასთან ერთად, მილანსა და კორტინაში ჩავლენ ფედერალური საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების თანამშრომლები. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ინფორმაციას „უსაფუძვლო ჭორი უწოდა“.

„ეს არაფრისმომცემი დისკუსიაა, რადგან ამჟამად ამერიკელებს, ისევე როგორც ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთ სხვა დელეგაციას არ წარმოუდგენიათ რაიმე სიები და არ უთქვამთ, იტალიაში ვინ იქნება მათი თანმხლები. დელეგაციის თანმხლები პირების ყოფნა ეს ჩვეულებრივი საკითხია.

მარტივად რომ განვიხილოთ: როდესაც მე ვმოგზაურობ საზღვარგარეთ, ჩვენი ეროვნული პოლიციის თანამშრომლებიც თან მახლავს. თუმცა, მინდა დავაზუსტო, რომ განურჩევლად იმისა, როგორ იქნება ორგანიზებული დელეგაციის თანხლების საკითხი, იტალიაში არ იმოქმედებს არც ამერიკის ფედერალური საიმიგრაციო და არც საბაჟო სამსახური.

აშკარაა, რომ საკმარისად კომპეტენტურები ვართ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომ არაფერი ვთქვათ საიმიგრაციო კონტროლზე, რადგან საუბარია ღონისძიებაზე, რომელსაც ამასთან არაფერი აქვს საერთო“, – განაცხადა იტალიის შს მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მინეაპოლისში, საიმიგრაციო რეიდების ფარგლებში, ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი მოკლეს – ორივე მათგანი ამერიკის მოქალაქე იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ორივე შემთხვევაში მათ აღკვეთეს სამართალდამცველებზე თავდასხმის მცდელობები, რასაც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოპონენტები თუ დემონსტრანტები კატეგორიულად უარყოფენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend