გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ერთი მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მათ ბერლინში, მაღალი ძაბვის ელექტროკაბელების ჩაჭრაში დამნაშავემდე მიიყვანს. საქმე ეხება 3 იანვარს ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც ოფიციალური ბერლინი საბოტაჟად აფასებს და დამნაშავის ძებნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა უკიდურეს ზომას. ბერლინში ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ამ მასშტაბის ჯილდო დააწესა დამნაშავეების კვალზე გასასვლელად.
გერმანიაში მომხდარი საბოტაჟის გარდა ტერორისტულ თავდასხმადაც კი შეაფასეს, გამოძიება სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს. ცნობილია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას შესაბამისი ორგანოები მემარცხენე ფრთის ექსტრემისტულ დაჯგუფებას აკისრებენ, სახელწოდებით „ვულკანი“.
„ძებნის ახალი სტრატეგიის ფარგლებში გენერალური პროკურორისა და ფედერალური კრიმინალური პოლიციის გადაწყვეტილებით დაწესდა 1 მილიონიანი ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებაში დაგვეხმარება. ჩვენ მემარცხენე ფრთის ექსტრემალებს ბრძოლას ვუცხადებთ, რამდენიმე კვირის წინ მათ 45 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, გათბობისა და შუქის გარეშე დატოვეს ათასობით ბიზნესი, საავადმყოფო, სოციალური სახლი. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ ფენომენს, რადგან არსებობს გერმანიაში მორიგი ტერორისტული აქტების ჩადენისკენ მიმართული მოწოდებები“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა.
ელექტროინფრასტრუქტურის დაზიანებამ ბერლინის სამხრეთ დასავლეთით ასი ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, მათ ნახევარს ელექტროენერგია და გათბობა 5 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. ეს ყველაფერი ყინვის ფონზე – რის გამოც მათ სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში მოუწიათ გადასვლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ბერლინში ყველაზე მასშტაბურ გათიშვად შეფასდა.

