დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეას დაწესებულ ტარიფებს უზრდის. აშშ-ის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ქვეყანასთან გასულ წელს გაფორმებულ ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელსაც ვაშინგტონის თანახმად, სეული არ ასრულებს, რადგან ამ დრომდე არ დაუმტკიცებია ის საკანონმდებლო დონეზე.
„ჩვენი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. თითოეულ ამ შეთანხმებაში ჩვენ სწრაფად ვამცირებდით ტარიფებს, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების პირობებით. რა თქმა უნდა, ამავეს ველით ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისგანაც.
სამხრეთ კორეის პარლამენტი არ ასრულებს აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმების პირობებს. მე და პრეზიდენტი ლი ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების გაფორმებაზე 2025 წლის 30 ივლისს შევთანხმდით და ეს პირობები დავადასტურეთ სამხრეთ კორეაში 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩემი ვიზიტის ფარგლებში. რატომ არ დაამტკიცა ის ქვეყნის პარლამენტმა?
იმის გამო რომ კორეის საკანონმდებლო ორგანომ არ მიიღო ჩვენი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება, რაც მათი პრეროგატივაა, მე ვზრდი სამხრეთ კორეის ტარიფებს ავტომობილებზე, ხე-ტყის მასალებზე, ფარმაცევტულ და ყველა სხვა ორმხრივად მიწოდებულ საქონელზე 15-დან 25%-მდე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც დაადასტურა გასულ წელს გაფორმებული შეთანხმებისადმი ერთგულება.
ვაშინგტონთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობის დადასტურებას, სიტყვების გარდა, სეული ქმედებებითაც აპირებს.
კერძოდ, უახლოეს დღეებში სამხრეთ კორეა მრეწველობის მინისტრითა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ამერიკულ მხარეს შეხვდება და, სავარაუდოდ, ეცდება, თეთრი სახლის ადმინისტრაციის დარწმუნებას, დააბრუნონ სატარიფო მაჩვენებელი მანამდე არსებულ ნიშნულზე.
თავის მხრივ, სეულში აცხადებენ, რომ აშშ-სთან გაფორმებულ შეთანხმებას ახლა სამხრეთ კორეის პარლამენტის საფინანსო კომიტეტი, მასთან დაკავშირებულ ხუთ კანონპროექტთან ერთად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, გაერთიანდება და შესაბამისი პროცედურების განხილვის შემდეგ გავა პლენარული სხდომის კენჭისყრაზე.
ვიდრე სეულში საკითხზე მუშაობენ, სამხრეთ კორეისთვის დაწესებული ტარიფების ზრდას ექსპერტები გრენლანდიას უკავშირებენ.
„როდესაც გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციამ კონფლიქტი წამოიწყო ნატოსთან, როგორც ჩანს, მან ნაწილობრივ უკან დაიხია, რითაც არსებითად „სახე დაკარგა“… ამერიკა ცდილობდა, ისეთი პარტნიორის პოვნას, რომელსაც გაუჭირდებოდა ამერიკულ მოთხოვნებზე კატეგორიული უარის თქმა, მისი ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების სიღრმის გათვალისწინებით, მაშინაც კი, თუ უთანხმოება წარმოიშობა…
მაშინაც თუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ აშშ-ის სატარიფო ზომები შეუსაბამო იყო, ტრამპის ადმინისტრაციის თვალსაზრისით, მას კვლავ მოუნდება, შეინარჩუნოს არსებული საინვესტიციო ვალდებულებები. ადმინისტრაცია ამ ვალდებულებებს მოკავშირეებსა თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთ-ერთ მთავარ და საკვანძო მიღწევად წარმოაჩენს…“ – ამბობს ანალიტიკოსი, ჩა დუ ხიონგი.
ექსპერტები ასევე შიშობენ, რომ ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებულმა ნაბიჯმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ამერიკისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობებზე სხვა სფეროებშიც.
მიუხედავად ამისა, 26 იანვარს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სეულში უმასპინძლა თავის ამერიკელ კოლეგას, რომელთანაც სამხედრო სფეროში კავშირების გაძლიერება განიხილა.
სამხრეთ კორეა კი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დონალდ ტრამპის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესების სამიზნე გახდა. გრენლანდიის საკითხის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპის 8 ქვეყანას ჯერ დაუწესა, შემდეგ კი გაუუქმა ტარიფები ამერიკაში შესულ საქონელზე.
ამასთან, დონალდ ტრამპი ჯერჯერობით მხოლოდ ჰპირდება კანადას 100%-იანი ტარიფის დაწესებას, თუკი ის ჩინეთთან გააფორმებს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.

