ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ დიდთოვლობაა. 22 იანვარს აშშ-ს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც სამხრეთით და აღმოსავლეთით დიდთოვლობა, ჭექა-ქუხილი და დაბალი ტემპერატურა გამოიწვია.
ნიუ-იორკში 30 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი მოვიდა. გასული რვა წლის განმავლობაში, ეს ქალაქისთვის ყველაზე დიდი თოვლი იყო, შესაბამისად, ქალაქის მერმა უსაფრთხოების ლურჯი დონე გამოაცხადა. ქალაქის მთავარი ქუჩები თოვლისგან ძირითადად გაწმენდილია, თუმცა კვლავ მოყინულია საფეხმავლო ტროტუარები.
ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აცხადებს, რომ ქარიშხლის ყველაზე მძიმე ეტაპმა გადაიარა, თუმცა საფრთხე კვლავ არსებობს, განსაკუთრებით ქუჩებში მცხოვრები უსახლკარო მოსახლეობისთვის. ასევე მან ნიუ-იორკელებს მოუწოდა, ქუჩაში გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.
„ჩვენი მიზანია, ყველა სერვისი სრულად აღდგეს, ყველა ქუჩა გაიწმინდოს, მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ და ჩვენი ქალაქი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, თუმცა დიდი რაოდენობით თოვლი მოვიდა. მადლობელი ვარ ყველა ნიუ-იორკელის, ვინც გაითვალისწინა ჩვენი მითითება, დარჩენილიყვნენ სახლში და სიფრთხილე გამოეჩინათ, და ასევე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ქალაქის მასშტაბურ ერთობლივ ძალისხმევაში, რამაც საშუალება მოგვცა წარმატებით გავმკლავებოდით ამ ქარიშხალს. გთხოვთ, განაგრძოთ ამ კვირაში მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის მონიტორინგი და იზრუნოთ ერთმანეთზე. როგორც ყოველთვის, იყავით თბილად, იყავით მზად და იყავით უსაფრთხოდ“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანმა.
დიდთოვლობის შედეგად შტატების უმეტესობაში შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმებულია ფრენები, დახურულია სკოლები. ოჰაიოს შტატში, ქალაქ კოლუმბუში, სკოლის მოსწავლეები ქალაქის ქუჩებში თოვლზე სასრიალოდ გამოვიდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთით, სამხრეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ტემპერატურამ ნულ გრადუსსაც მიაღწია. სინოპტიკოსების თანახმად, 48 შტატში, 2014 წლის შემდეგ 2026 წელს ყველაზე ცივი საშუალო ტემპერატურა – მინუს 12 გრადუსი დაფიქსირდა. შტატების მასშტაბით, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირებენ 18 ადამიანის გარდაცვალებას.
ასევე ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ორშაბათს, 25 იანვარს, ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე 800 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ათობით ათასი ფრენა გადაიდო. 25 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით 6400-ზე მეტი რეისი გადაიდო ან გაუქმდა.

