მთავარიგადაცემებიThe Big Questionტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი: „ათიდან ერთი კაცი ტურიზმშია დასაქმებული“ – როგორი...

ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი: „ათიდან ერთი კაცი ტურიზმშია დასაქმებული“ – როგორი იქნება ტურიზმის მომავალი?

ყველაზე მეტი ტურისტი მსოფლიოში ევროპიდან   გადის.  ასევე ევროპას სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტიც. ტურისტის ქცევის მონაცემების შეგროვებამ შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს ტურიზმის ინდუსტრიაში, ასე ვარაუდობს ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი. ამის შესახებ ბაღჩი ბულუთმა ე:ევრონიუსის“ გადაცემა „მთავარ კითხვაში“ ისაუბრა.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „პირველ რიგში, ზოგადი სურათი რომ შევქმნათ, შეგიძლიათ, ისაუბროთ, მაინც რამდენად დიდია გლობალური ტურიზმის სექტორი დღეს? და რამდენად მსხვილი მოთამაშეა ევროპა ამ სექტორში?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:  „დიახ, დღეის მდგომარეობით ტურიზმზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 11% მოდის. გარდა ამისა, ის ქმნის სამუშაო ადგილების 10% -ს. ეს ნიშნავს, რომ ქუჩაში 10 კაციდან ერთი ტურიზმშია დასაქმებული. ევროპას რაც შეეხება, მისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10. 5% მოდის ტურიზმზე. ასეთი მაჩვენებლების მქონე ტურიზმს უბრალოდ ინდუსტრიას ვეღარ უწოდებ. წარმოგიდგენიათ, რომ მხოლოდ ერთი სექტორი საერთო მშპ-ის თითქმის 11%-ს ქმნიდეს? ამიტომ ჩვენ ტურიზმს მაკროეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ვუწოდებთ“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „და ეს სექტორი იზრდება თუ მცირდება ევროპაში?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „იზრდება. მცირე ვარდნა იყო კოვიდის დროს, მაგრამ უკვე იზრდება. გლობალური მაჩვენებლების მიხედვით ასე ვაფასებთ. შარშანაც კი გაიზარდა. ჩვენი პროგნოზით, ეს სექტორი კიდევ თითქმის 10%-ით გაიზრდება“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „სამ-ოთხ წელიწადში კიდევ 10%-ით გაიზრდება?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:  „ზუსტად ასეა“

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „თქვენი აზრით, ევროპაში ტურიზმის ზრდის შემდეგი ფაზა უფრო ახალი მიმართულებების შექმნას მოიცავს თუ ინვესტიციების უფრო გონივრულ დაბანდებას?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:  “ევროპა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია, საიდანაც ბევრი ტურისტი მიდის. ასევე, ევროპა ითვლება ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად. ახლა ტურიზმს ხელოვნური ინტელექტი განსაზღვრავს, მთელი თავისი მონაცემებით, მთელი ინფორმაციითა და ყველაფრით, რაც მის ხელთ არის და ევროპა ამ გზაზე პირველია. ასე რომ, რასაც ევროპა აკეთებს, სხვები იმეორებენ. 2030 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ეს ინდუსტრია ყურადღებით იყოს და მონაცემები კარგად მართოს. თუ გაქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ ვინ ჩამოდის შენს ქვეყანაში, რომელ მიმართულებებს ირჩევს ვიზიტის პერიოდში და გადაჯდომის რომელ  პუნქტებს მიმართავს, მთელი ეს ინფორმაცია უნდა მოვაგროვოთ და წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ამდენ ინფორმაციას რომ შეკრებ?“

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „ევროპაში ზოგან ტურიზმი ჭარბი დოზითაა, ვნახეთ უკვე,  როგორ გააპროტესტეს ეს ბევრ ქვეყანაში. რას ფიქრობთ ამაზე? კიდევ სად ხედავთ ზრდის რეალურ პოტენციალს?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „რა თქმა უნდა, ახალი შესაძლებლობები გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. მოქალაქეების ნაწილს არ მოსწონს ჭარბი ტურიზმი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ არის: ეს მხოლოდ ეკონომიკაზე არ აისახება. ამას  სოციალური ეფექტიც ახლავს და კლიმატურიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რომელიმე მიმართულებაზე ინტერესი იზრდება, ხელისუფლებამ უნდა მართონ ეს პროცესი ადგილობრივებთან ერთად, რადგან ტურიზმი ვერ იქნება სასურველი ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის გარეშე“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „როგორ გგონიათ, საკმარისია ინვესტიცია ამჟამად იმისთვის, რომ ეს ბალანსი დამყარდეს?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვნად ჩვენ უსაფრთხოება მიგვაჩნია. მეორე ფაქტორია კავშირის დამყარების შესაძლებლობა. ეს ორი რამ თანაბრად მნიშვნელოვანია. იმას ვგულისხმობ, რომ თუ უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ კავშირის დამყარება შეუძლებელია, ძალიან რთულია კარგი ინვესტიციის მოზიდვა. და პირიქით. ამის კარგი მაგალითია ალბანეთი. 3-4 წელიწადში ეს ქვეყანა საერთაშორისო დონის ტურისტულ მიმართულებად იქცა. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციებს იზიდავს. ამ რეგიონში კი ხალხი საქმდება. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი ტურისტების საშუალებით ფულს შოულობს. ავიაკომპანიები შოულობენ ფულს. ტურიზმის მეშვეობით ყველა სარგებლობს“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „ევროპის გარდა, კიდევ სად შეიძლება, რომ ინვესტიციების ზრდამ ვითარება რადიკალურად შეცვალოს?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „პირადად მე აზია და აფრიკა მაინტერესებს. ჩვენი გასვლების შემდეგ მივხვდით, რომ ტურიზმი მხოლოდ სამუშაო ადგილებს არ ქმნის, ის ეხმარება ქვეყნებს, რომ გარდაიქმნან. მაგალითად, გზების, ლოგისტიკის გარეშე არაფერი გამოვა. შესაძლოა, შესანიშნავი პლაჟები გაქვს, მაგრამ არ გაქვს კურორტები და პორტები. ასე რომ, ტურიზმი, შეიძლება ითქვას, არის ბიბლია იმ შემთხვევაში, თუ გინდა მეტი ინვესტიციის მოზიდვა. რაც შეეხება აფრიკას, მე ვიტყოდი, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ანგოლა წამყვანები არიან ტურიზმის მხრივ აფრიკაში. განსაკუთრებით ანგოლა, რადგან მათ უკვე მოამზადეს ინფრასტრუქტურა. როდესაც ინფრასტრუქტურა ადგილზეა, ინვესტორისთვის ადვილია შემოსვლა. მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ლიდერია. ისინი ცდილობენ საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარებას და როცა ინფრასტრუქტურა გაქვს, სულ უფრო  მეტი ინვესტიცია შემოდის. ეს განსაკუთრებით ევროპას ეხება. ჩემი, როგორც სასტუმრო სექტორში მოღვაწე ინვესტორის, მოსაზრებით, ბელგიას აქვს კარგი შესაძლებლობა, რადგან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მხრივ ბელგიაში ბევრი რამის დეფიციტია. არადა, ბელგიას კარგი პოტენციალი აქვს, რადგან აქ არის ნატოს ოფისი, ევროკავშირის ინსტიტუტები. ყველა ინსტიტუტი აქ არის, ამიტომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება აქ“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „მოდი, უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ, რადგან ამ წუთას ეს მთავრობის პრიორიტეტია და ძალიან ბევრი ხარჯი გათვლილია თავდაცვაზე, უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიაზე. როცა საქმე ინვესტიციას ეხება, როგორ გგონიათ, ტურიზმის სექტორი უკანა პლანზე ხომ არ არის გადაწეული ამჟამად მთავრობის პრიორიტეტებში?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „მართლაც ასეა. მთავრობა და ხელისუფლება არის მაგალითი კერძო სექტორისთვის. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები ყოველთვის იცვლება. იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც თავად ბრძანეთ, ამჟამად აქცენტი თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე კეთდება. ეს კი ტურიზმის ნაწილია, რადგან თუკი საკუთარი ქვეყნის დაცვა არ შეგიძლია, როგორ განავითარებ ტურიზმს? ეს შეუძლებელია, ეს ყველაფერი ტურიზმის ნაწილი და მისი საძირკველია, რომელზეც ტურიზმი უნდა აშენდეს“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი:  „კიდევ რა ტენდენციები განსაზღვრავს ტურიზმის ინდუსტრიას მომავალ წლებში?“

ბაღჩი ბულუთი, ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი:   „ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო მეტად დაინერგება ტურიზმში. ეს ყველაფერი იწყება ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული საკითხებით, პირველ რიგში, ტურიზმის ინდუსტრიაში, მაგრამ ახლა ხელოვნური ინტელექტი ბევრ რამეს ჩაანაცვლებს. მადლობა ღმერთს, ჩვენი ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში ადამიანი დგას, რადგან ადამიანები მისგან მომსახურებას ელიან, ადამიანურ განცდებს რობოტის მეშვეობით ვერ აღძრავ. კოსმოსური ტურიზმი ყველას ძალიან დააინტერესებს. ეს გზა უკვე გახსნილია და კონკურენციაც დაიწყო. 2030 წლის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედავთ კოსმოსს. კოსმოსში ავაშენებთ სასტუმროებს  და სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელ სივრცეს შევქმნით, რაღაც ამდაგვარი ძალიან მალე მოხდება“.

ავტორები: ჰანა ბრაუნი, ანგელა ბარნესი და კამილ სიმონე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend