მთავარიაზიაისრაელითელ-ავივში ასობით ადამიანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

თელ-ავივში ასობით ადამიანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

თელ-ავივში ასობით ადამიანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ომის გაგრძელება და მძევლების საკითხის გაჭიანურება ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ისრაელის არმიის რეზერვისტი, რომელმაც ხელისუფლებას  ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა.

„მე ორი ვარ. ისრაელის სამხედრო რეზერვში 170 დღეზე მეტი ვიმსახურე, ჩემმა მეუღლემ კი – 350 დღე. ჩვენ ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანეთ და უდიდესი საფასურიც გადავიხადეთ ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. თუმცა უფრო მეტად სხვა რამით ვარ აღშფოთებული. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას  რისთვის? იმისთვის, რომ გადარჩეს მთავრობა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაზე, პატივსა და ფულზე ფიქრობს, რომელიც მოღალატეა. მათ  კირიატ-შმონასა და ღაზასთან ახლოს მცხოვრები ხალხის განცდები აღარ აინტერესებთ“, – განაცხადა ისრაელის არმიის რეზერვისტმა ორ პილკმა.

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ისრაელის პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი ერან კამინი. მისი თქმით,  ნეთანიაჰუმ, როგორც ქვეყნის ლიდერმა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებულ პროცესებზე.

„როცა ამდენ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ატყუებ, სიმართლის თქმა უკვე აღარ შეგიძლია. პასუხისმგებლობას ვერ იღებ, თავს ვერ ხრი. ნეთანიაჰუ, შენს სახელთან არის დაკავშირებული განხეთქილება, მარცხი, შენ ხარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. დამნაშავე შენ ხარ“, – განაცხადა პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის ყოფილმა ხელმძღვანელმა ერან კამინმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს.

ისრაელის პრემიერის ოფისს შეხვედრის დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, მხარეები მუშაობენ ღაზაში დარჩენილი უკანასკნელი მძევლის ნეშტის დაბრუნებისა და ტერიტორიის დემილიტარიზაციის საკითხებზე.

აშშ აცხადებს, რომ დაინტერესებულია შეთანხმების გაგრძელებით, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ  ქვეყნის შიგნით ზეწოლა იზრდება. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინაამღდეგ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend