ისრაელი თანახმაა, გახსნას ღაზის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ეგვიპტის მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელს ისრაელელი ჯარისკაცის, რან გვილის, ცხედარს გადასცემენ…
როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია ღაზაში დარჩენილი უკანასკნელი მძევლის ცხედრის მოსაძებნად, რის შემდეგაც რაფაჰის გადასასვლელი შეზღუდულად გაიხსნება.
ამერიკელი წარმომადგენლები შეხვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ისრაელს რაფაჰის გადასასვლელის გახსნისკენ მოუწოდებდნენ. ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება კი ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება.
რაფაჰის გადასასვლელი, რომელიც ოქტომბერში უნდა გახსნილიყო აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. ისრაელის სამხედროები გადასასვლელს 2024 წლიდან აკონტროლებენ.
მსოფლიო ლიდერები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები არაერთხელ მოუწოდებდნენ საერთაშორისო საზოგადოებას, ღაზაში მეტი დახმარება შეეტანათ, რადგან რეგიონი მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. ზეწოლა გადასასვლელის გახსნასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დონალდ ტრამპმა ამ თვეში განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელი თანახმაა, გახსნას გადასასვლელი მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის და ისრაელის ინსპექტირების მექანიზმის პირობებით. დამატებით დეტალებზე მათ არ უსაუბრიათ, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედრო წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ოპერაცია რამდენიმე დღეს გასტანს.
ისრაელის არმიის ცნობით, სპეციალური ჯგუფები ამოწმებდნენ ჩრდილოეთ ღაზაში „ყვითელ ხაზთან“ მდებარე სასაფლაოს, რომელიც ისრაელის კონტროლირებად ზონებს ერთმანეთისგან ყოფს.
ისრაელელი სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, სპეციალიზებული საძიებო ჯგუფები, სტომატოლოგები და რაბინებიც კი იმყოფებიან ღაზაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ, მძევლის ცხედარია დამარხული.
ისრაელმა არაერთხელ დაადანაშაულა „ჰამასი“ მძევლის ცხედრის მოძებნის პროცესის გაჭიანურებაში, თუმცა „ჰამასის“ განცხადებით, მან სრულად მიაწოდა ისრაელს ინფორმაცია. დაჯგუფებამ პირიქით ისრაელს დასდო ბრალი ძებნის პროცესის შეფერხებაში ღაზის იმ ნაწილებში, რომლებსაც ისრაელის სამხედროები აკონტროლებენ.

