აშშ-ში მასშტაბურ ყინვებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვლი 22 იანვარს მოვიდა. ლუიზიანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ყინვის დროს ჰიპოთერმიით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ზამთრის შტორმს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში, ტენესიში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მერილენდში, არკანზასში, კენტუკიში, ლუიზიანაში, მისისიპში, ინდიანასა და დასავლეთ ვირჯინიაში. საერთო ჯამში სპეციალური გაფრთხილება შტატების აღმოსავლეთით 118 მილიონ ადამიანს შეეხო.
კვირას დიდთოვლობა იყო კოლორადოს, ილინოისის, ინდიანის, მისურის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და პენსილვანიის შტატებში.
ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, უსაფრთხოების ლურჯი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას ავდრისთვის სათანადოდ მომზადებისკენ მოუწოდა. ქალაქში ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად იყო ყველაზე დაბალი ტემპერატურა და ქარბუქი. მერმა ნიუ-იორკელებს სახლში დარჩენა და მგზავრობისგან თავის შეკავება ურჩია. მისივე განცხადებით, ქალაქში შესაძლოა, შეწყდეს სკოლების მუშაობა და შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობაც.
„ეს მხოლოდ თოვლი არ იქნება; ეს ქარიშხალი ძლიერ ყინვას გამოიწვევს. განსაკუთრებით ცივი ტემპერატურა კვირის განმავლობაში გაგრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ბოლო რვა წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ეს ყველაზე მძიმე იქნება. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ეს ქალაქი მზადაა ყველაფრისთვის. ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას და მზად ვართ, გავუმკლავდეთ დიდთოვლობას. ხუთშაბათს საღამოს გამოცხადებული ლურჯი დონე კვლავ ძალაშია, უსახლკაროთა მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ხუთ რაიონში აწარმოებენ კამპანიებს, რომლის ფარგლებშიც უსახლკაროები თავშესაფრებში გადაჰყავთ. ყველა საავადმყოფოს, უსახლკაროთა მომსახურების დეპარტამენტის ყველა ცენტრსა და თავშესაფარს აქვს სრულად ღია კარის პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ყველა გაჭირვებული ნიუ-იორკელისთვის საკმარისად გვაქვს საწოლები“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანმა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქვეყნის მასშტაბით ათობით ათასი ფრენა გადაიდო. მსხვილმა ავიაკომპანიებმა კვირას 25 იანვარს 11 000-ზე მეტი რეისი გააუქმეს. გაუქმებულია ასევე სხვა 2 500 რეისი. ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებშიც ვერ შესრულდება დაგეგმილი ფრენები.

