მთავარიევროპაალბანეთიალბანეთის ოპოზიცია და მოქალაქეთა ნაწილი მთავრობის გადადგომას მოითხოვს

ალბანეთის ოპოზიცია და მოქალაქეთა ნაწილი მთავრობის გადადგომას მოითხოვს

ალბანეთის დედაქალაქი ფართომასშტაბიანმა ანტისახელისუფლებო პროტესტმა მოიცვა.

ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ედი რამას, გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ დემონსტრაციებს სათავეში ჩაუდგა მისი წინამორბედი და ალბანეთის ექსპრეზიდენტი, ამჟამად ოპოზიციონერი ლიდერი სალი ბერიშა, რომელიც მოქმედი მთავრობის მეთაურს კორუფციულ დანაშაულში სდებს ბრალს და ათასობით მოქალაქესთან ერთად მის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეკრებილ მოქალაქეებს „მოქმედი ხელისუფლების დასამხობად და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მომზადების მიზნით დროებითი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად გაერთიანებისკენ“ მოუწოდა, დემონსტრაციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

25 იანვარს, სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე, ალბანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მომიტინგეებმა პოლიციის მისამართით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებისა“ და პიროტექნიკის სროლა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი დაუპირისპირეს.

აქციის დასაშლელად გამოყენებული საშუალებებისა და ქუჩებში გამოყვანილი სპეციალური დანიშნულების რაზმის მიუხედავად, დემონსტრანტთა ნაწილმა ალბანეთის პარლამენტის შენობისკენ აიღო გეზი, სადაც პოლიციის კორდონის გარღვევა და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრა სცადა, რასაც კვლავ მასშტაბური შეტაკება მოჰყვა.

ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 25 იანვრის დემონსტრაციის დაშლისას, სულ მცირე, 10 სამართალდამცავი დაშავდა. ამასთან, ოპოზიციონერი სალი ბერიშას თანახმად, პოლიციამ აქციის 25 მონაწილე დააკავა, ტირანაში განვითარებულ მოვლენებს კი უწოდა „ბოლო კილომეტრი ედი რამას მმართველობის დასრულების გზაზე“.

პროტესტის დაწყებას წინ უძღოდა ორგანიზებულ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული ურთიერთბრალდებები მმართველ პარტიასა და სალი ბერიშას პოლიტიკურ გაერთიანებას შორის.

ამის საფუძველი კი ხელისუფლების ოპონენტებისთვის გახდა 2025 წლის ნოემბერში ალბანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ქვეყნის ვიცე-პრემიერსა და ამავე დროს ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრს, ბელინდა ბალუკუს, უფლებამოსილება შეუწყდა, თუმცა ერთ თვეში საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბათილად ცნო და ის თანამდებობაზე აღადგინა, საქმის საბოლოო განხილვამდე.

ედი რამასთან დაახლოებული მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.

გამოძიების ვერსიით, ბელინდა ბალუკუ თავისი გარემოცვის წევრებს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო ტენდერების მოგებაში დაეხმარა.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა საგამოძიებო მოქმედებებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევა“ უწოდა.

2025 წლის დეკემბერში მოქალაქეთა უკმაყოფილება და ქუჩის მასშტაბური პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მინისტრს ოფიციალური იმუნიტეტი იცავს, რისი მოხსნის უფლებაც მხოლოდ პარლამენტს აქვს, მმართველი პარტია კი საკუთარი გუნდის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უარს აცხადებს. თავად ბელინდა ბალუკუ ბრალდებებს უარყოფს.

ედი რამა, რომლის გადადგომა ახლაც დემონსტრანტთა ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ის პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურაა, სალი ბერიშას მეთაურობით მოქმედი ოპოზიციური სპექტრი, ბოლო წლების განმავლობაში, უფრო და უფრო ხშირად ეწინააღმდეგება ედი რამას პარტიის ნაბიჯებს.

მმართველ და ოპოზიციურ ძალებს შორის უთანხმოება პერიოდულად მწვავდება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend