სამხრეთ ღაზაში, ნასერის საავადმყოფოსთან, ათეულობით პალესტინელი შეიკრიბა იმ სამი პალესტინელი ჟურნალისტისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაიღუპნენ.
სამგლოვიარო ცერემონიაზე დაღუპულებს ჟურნალისტების ჟილეტები ჰქონდათ გადაფარებული. დაკრძალვის ბოლო წუთები განსაკუთრებით ემოციური იყო. პალესტინელებმა ლოცვაც წარმოთქვეს და მედიის წარმომადგენლებს სამუდამოდ დაემშვიდობნენ.
ჟურნალისტები ცენტრალურ ღაზაში, იძულებით გადაადგილებულთათვის ახლად შექმნილი ბანაკის მახლობლად მუშაობდნენ. ამ ბანაკს ეგვიპტის მთავრობის კომიტეტი მართავს.
კომიტეტის წარმომადგენლის, მოჰამედ მანსურის თქმით, ჟურნალისტები ამ კომიტეტის საქმიანობას აშუქებდნენ ნეტზარიმის რაიონში. ისრაელის ავიაიერიშის დროს ისინი ავტომობილში ისხდნენ. შემთხვევა ისრაელის კონტროლირებადი ზონიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მოხდა.
ისრაელის სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ მათ შენიშნეს პირები, რომლებიც დრონს მართავდნენ. მათი აზრით, ისინი ისრაელის ჯარისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ორი ჟურნალისტის ცხედარი ღაზის ქალაქში მდებარე შიფას საავადმყოფოში გადაასვენეს, მესამე კი – ალ-აქსას მოწამეთა საავადმყოფოში.
ვიდეოკადრებში ჩანს გზის პირას დამწვარი ავტომობილი და კვამლი, რომელიც აფეთქების შემდეგ ჯერ კიდევ ამოდიოდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზავის დაწყებიდან დღემდე ისრაელის იერიშის შედეგად 470-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.

