აშშ-ის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მოქმედი „მშვიდობის საბჭოში“ კანადის მიწვევა გაუქმებულია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრისადმი სპეციალური მიმართვა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაავრცელა და ამ ფორმით აცნობა მარკ კარნის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ – თან დასძინა, რომ „კანადა მხოლოდ ამერიკის წყალობით ცხოვრობს“, რისთვისაც, დონალდ ტრამპის თქმით, ოტავა „მადლობელი უნდა იყოს“.
აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებს კანადის პრემიერ-მინისტრი უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არა რომელიმე ცალკეულ პარტნიორზე, არამედ საკუთარ ხალხსა და ინსტიტუტებზე არის დამოკიდებული.
კანადა „მშვიდობის საბჭოს“ მუდმივი წევრობისთვის აუცილებელი 1 მილიარდი დოლარის გადახდას არ აპირებდა.
დონალდ ტრამპს კონკრეტულად არ დაუსახელებია, რამდენი ქვეყანა უერთდება მისი ინიციატივით შექმნილ საბჭოს, რომელსაც თავად „არსებულ ორგანიზაციებს შორის ყველაზე პრესტიჟულს“ უწოდებს.
მისივე თქმით, სახელმწიფოთა მიწვევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე ქვეყნის პირველმა პირმა დავოსში, 22 იანვარს უკვე მოაწერა ხელი შესაბამის ჩარჩო დოკუმენტს:
„ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოყო მილიარდი, ზოგიერთმა ბევრად მეტი. ვიტყოდი, რომ ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ თან მშვიდობის სანაცვლოდ, არაფერია…
სახელმწიფოთა უმრავლესობაში დოკუმენტზე ხელის მოწერა შეუძლიათ ან პრემიერ-მინისტრს ან პრეზიდენტს. ნუ დაგავიწყდებათ, მოსაწვევი წერილები სულ რაღაც ორი დღის წინ დაიგზავნა.
ამჟამად გვყავს თითქმის 30 ლიდერი, ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებიდან, მაგრამ გვყავს ისეთები, როგორებიცაა, მაგალითად, იტალია, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან, ძალიან სურს დოკუმენტზე ხელის მოწერა. თუმცა, ვფიქრობ, ისინი საკანონმდებლო ჩარჩოს უნდა დაუბრუნდნენ.
მსგავსი ვითარება გვაქვს პოლონეთთანაც. სხვათა შორის, ამ ქვეყნის პრეზიდენტი შთამბეჭდავია. ის დიდებულად მუშაობს, თუმცა მიწვევაზე უნდა დავთანხმდეთ. წევრობისთვის ზოგიერთს სჭირდება თანხმობა, ზოგიერთს არა…“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრებლად ზოგიერთმა სახელმწიფომ საკანონმდებლო პროცედურა უნდა გაიაროს. მსგავსად მოიქცა, მაგალითად, ალბანეთი, სადაც ქვეყნის პარლამენტმა 110 ხმით დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციის წევრობას.
„ამ მოწვევას ალბანეთი იღებს არა როგორც სიმბოლურ პრივილეგიას, არამედ გააზრებულ არჩევანს, აიღოს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, მშვიდობის მშენებლობისთვის. „მშვიდობის საბჭო“ უჩვეულო დროს არის შექმნილი. ის შექმნილია სამყაროში, რომელიც სწრაფად და ხშირად მტკივნეულად იცვლება.
ძველი კონფლიქტები კი არ სრულდება, არამედ ღრმავდება. ადრე მომუშავე მექანიზმები დღეს მოძველებულად გვეჩვენება. სწორედ ამ რეალობაში ამერიკამ გადაწყვიტა, ეპოვა ახალი გამოსავალი, რომელიც მხოლოდ დეკლარაციებით კი არ შემოიფარგლება, არამედ მოითხოვს მათ რეალურ პასუხისმგებლობას, ვინც უზის მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზა სპიროპალმა.
22 იანვარს, დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ ჩარჩო დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ღაზაში მოქმედი გარდამავალი, ტექნოკრატიული მთავრობის ხელმძღვანელმა მომდევნო კვირაში, რაფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა, თუმცა გაეროში ამბობენ, რომ ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.
„საზოგადოების მსგავსად, ჩვენც მხოლოდ განცხადება ვიხილეთ და არა რაიმე ოფიციალური, თუმცა კვლავ ვიმედოვნებთ, რომ რაფა გაიხსნება მოქალაქეებისა და ჰუმანიტარული ტვირთებისთვის. ჰუმანიტარული დახმარებისთვის, კომერციული ტვირთებისა და შინ დაბრუნების მსურველი პალესტინელებისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუნქტი“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკი.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარების დონალდ ტრამპისეული ხედვისადმი უარყოფითად არიან განწყობილი იემენელი ჰუსიტები, რომელთა წინააღმდეგაც ამერიკას და ისრაელს, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაუტარებიათ.
ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლების მტკიცებით, ეს გეგმა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება.
„ტრამპის საბჭოს „მშვიდობის საბჭო“ ეწოდა. სინამდვილეში ეს არის ტრამპის საბჭო. ტრამპი ღიად არის დაკავებული ბანდიტიზმით, ყაჩაღობითა და ჩაგრულებისგან ფულის მიტაცებით… სავსებით ცხადია, რომ ღაზის სექტორში მეორე ეტაპის პრიორიტეტი არის პალესტინელი ხალხისგან ჩვეულებრივი, პირადი მოხმარების იარაღის ამოღება.
საუდის არაბეთი იემენური მხარისთვის საკმარისად კარგს არ აკეთებს, შორიდან გაწეული დახმარებით. რის მიღწევასაც ცდილობს, საუდის არაბეთი ჩვენი ძვირფასი ხალხის დონეზე, ეს არის მათზე, მათ გადაწყვეტილებებსა და დამოუკიდებლობაზე კონტროლის მოპოვება.
ამავდროულად, ეს ყველაფერი ხდება ამერიკული ზედამხედველობით, რაც ემსახურება ამერიკულ ინტერესებს. ყველაფერი ეს არის გლობალური იმ ჩარჩოს ნაწილი, სადაც ვითარების კონტროლი სურთ ამერიკას, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს“, – განაცხადა იემენელი ჰუსიტების ლიდერმა აბდულ-მალიქ ალ-ჰუთიმ.
დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ამერიკამ ასევე წარადგინა „ახალი ღაზის“ ხედვა, რომელიც გულისხმობს ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიის, ცათამბჯენებითა და მსოფლიოს წამყვანი სასტუმროებით სავსე ზღვისპირა კურორტად გადაქცევას. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, პროექტის განხორციელება სამ წელიწადში იქნება შესაძლებელი.
გეგმისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები და იძულებით გადაადგილებული პირებიც:
„ჩვენ დავმარცხდით და ახლა შედეგებს ვიმკით. ვიმყოფებით მდგომარეობაში, როდესაც არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. არც ეროვნული და არც ჰუმანიტარული ალტერნატივა. როგორც ხალხი, იძულებული ვართ მკაცრ რეალობაში ვიცხოვროთ. რას იტყოდით პალესტინელებზე, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ? პურს, უსაფრთხოებას ვითხოვთ, უსახლკაროდ და უიმედოდ“, – თქვა ფათი აბუ სულთანმა, ხან-იუნისის მცხოვრებმა.
„ამ კომიტეტში ისრაელელებიც შედიან. არ მესმის, როგორ უნდა გავიგოთ ეს ჩვენ, მოქალაქეებმა? ისრაელელები სამშვიდობო საბჭოში? ისრაელელები, რომლებმაც ტანჯვა მოგვიტანეს? გვჯერა თუ არა ჩვენ ასეთი ხელისუფლების? სიმართლე გითხრათ, როგორც მოქალაქეებს, ისრაელთან დაკავშირებით დიდ იმედებს არ ვამყარებთ“, – ამბობს იძულებით გადაადგილებული პირი რამი გალბანი.
ვიდრე აშშ „ახალი ღაზისა“ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის შექმნის გეგმას ამუშავებს, „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულმა და მცირე რაოდენობით დარჩენილ მოკავშირეებთან კონსულტაციაში მყოფმა მოსკოვმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს უმასპინძლა.
კრემლში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა მას განუცხადა, რომ რუსეთსაც სურს საკუთარი წვლილის შეტანა პალესტინელი ხალხისთვის მშვიდობის უზრუნველყოფაში.

