მთავარიაზიაღაზა„მშვიდობის საბჭოში” აშშ-მა 60-მდე ქვეყანა მიიწვია, მათ შორისაა რუსეთი

„მშვიდობის საბჭოში” აშშ-მა 60-მდე ქვეყანა მიიწვია, მათ შორისაა რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ღაზის ირგვლივ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ „მშვიდობის ბორდში“ მიიწვიეს. ამბავს თეთრ სახლსა და კრემლში ადასტურებენ. ამ პროცესში ვაშინგტონმა სულ მცირე 60 ქვეყანა მიიპატიჟა, თითოეულის მხრიდან 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის გაღებაა გათვალისწინებული ღაზის რეკონსტრუქციისთვის. მსოფლიო ლიდერების ნაწილი ამ მიწვევას დასთანხმდა, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მეტი დეტალი სჭირდებათ იმის აღსაქმელად, თუ რა იქნება მათი როლი ამ ორგანოში.

„დიახ, ნამდვილად, პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხებით ასევე მიიღო მიწვევა მშვიდობის საბჭოში. ამჟამად ჩვენ შევისწავლით ამ შემოთავაზების დეტალებს, ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ გვექნება კონტაქტები ამერიკულ მხარესთან, რათა ყველა დეტალი განგვიმარტონ”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„ჩვენი პოზიცია ძალაშია: მჯერა, რომ იტალიას შეუძლია, ითამაშოს წამყვანი როლი მშვიდობის გეგმის აღსრულებაში, ჩვენი მხრიდან მზად ვართ შევიტანოთ ამ საქმეში წვლილი. გვაქვს კარგი ურთიერთობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, ასე რომ მოხარული ვიქნებით, გავაკეთოთ მაქსიმუმი, რაც ცვლილებებს შეუწყობს ხელს“, – განუცხადა ჟურნალისტებს იტალიის პრემიერმა ჯორჯა მელონიმ.

„ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოწვევა მივიღეთ, რასაც ვაფასებთ. პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზეა ევროპელ პარტნიორებთან ყველა გეოპოლიტიკურ  საკითხთან მიმართებით, დისკუსიები გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მშვიდობას ღაზაში“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერი ოლოფ გილი.

ახალ კომიტეტში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადა ისრაელმა, იმ არგუმენტით, რომ ეს თელ-ავივის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

„დროა, ავუხსნათ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს გეგმა ცუდია ისრაელის სახელმწიფოსთვის და უარი ვთქვათ მასზე. ღაზა ჩვენია, მისი მომავალი ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს სწორედ  ჩვენს მომავალზე“, – აღნიშნა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა.

საბჭოს სრული შემადგენლობის გასაჯაროებას აშშ უკვე უახლოესი დღეებისთვის აანონსებს. პარასკევს, 23 იანვარს, დონალდ ტრამპმა პირველი სახელები უკვე გააჟღერა, მათ შორისაა თვითონ, როგორც ხელმძღვანელი. ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სხვა არანაკლებ ნაცნობი პირები. ცნობილია, რომ მონაწილეობაზე უარი თქვა ემანუელ მაკრონმა, ეს კი აშშ-ის პრეზიდენტმა პირველად მედიისგან შეიტყო.

„ასე თქვა? არავის სჭირდება, ოფისს ძალიან მალე დატოვებს. ასე რომ არა უშავს. მე შემიძლია 200%-იანი ტარიფებიც დავუწესო მათ შამპანურსა და ღვინოს, რის შემდეგაც ის შემოუერთდება საბჭოს. რადგან თქვა, რომ არ სურს მონაწილეობა და ვუშვებ, რომ თქვენ ეს ოდნავ განსხვავებულად მომაწოდეთ, არა უშავს, ოფისს რამდენიმე თვეში დატოვებს“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ცნობილია, რომ შემოთავაზების მიღებაზე ჯერ ისევ ფიქრობს ლონდონი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ამაზე მოკავშირეებს დაელაპარაკება. ამასთან ქვეყანა ღაზის რეკონსტრუქციასა და მშვიდობის გეგმის აღსრულებაში ჩართულობას ადასტურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend