ტექნოლოგიური აპარატურა სულ უფრო უმჯობესდება და ძვირდება. ეს ყველაზე მეტად ითქმის სმარტფონებზე, რომლებიც ამ მხრივ პირველ ადგილზეა: მაღალი კლასის მოდელების ფასი ათას დოლარზე ნაკლები არ არის, არადა, როგორც წესი, ორ წელზე ცოტა მეტ ხანს თუ გამოიყენებ. თუმცა ამ რეალობას სულ მალე მეორეული, ე.წ. შეკეთებული ტექნოლოგიური აპარატურის ბაზარი შეცვლის.
CertiDeal შეკეთებული ელექტროსაქონლის სექტორში წამყვანი ფრანგული კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება. კომპანია, რომელიც 2016 წელს იმ მიზნით დააფუძნეს, რომ ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ახლა ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოთამაშედ ითვლება.
„რამდენიმე წლის წინ იაფფასიანი პროდუქტის ყიდვას ხალხი ერიდებოდა“, – ამბობს ლაურა კოენი, CertiDeal-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. „ახლა კი ვხედავთ, რომ ეს მიდგომა შეიცვალა, რადგან ხალხმა უფრო მეტი იცის ეკოლოგიური, გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების შესახებ“.
CertiDea ითვლება სოციალური და სოლიდარული ეკონომიკის მქონე საწარმოდ, რომელიც ცდილობს, დადებითი გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, საკუთარ თანამშრომლებსა და გარემოზე. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა არის გადამზადების პროგრამა CertiAcademy, რომლის ფარგლებშიც ასწავლიან ისეთ ხალხსაც, რომელიც ხშირად ვერ ხვდება დასაქმების ბაზარზე, იცვლის პროფესიას ან დიდი ხნის ინტერვალის შემდეგ ბრუნდება სამსახურში.
„როდესაც მითხრეს, რომ iPhone უნდა შეაკეთოო, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო“, – იხსენებს ამ პროგრამის სტუდენტი, პატრიცია. „მაგრამ როდესაც აგვიხსნეს ყველაფერი და ვისწავლეთ ტექნიკა, ეს ძალიან ადვილი გამოდგა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტელეფონს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას შევძლებდი“.
შეკეთების ბაზრის ზრდაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპულმა პოლიტიკამ თავისი დირექტივებით ელექტრონული ნარჩენების შემცირების, „შეკეთების უფლებისა“ და სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შესახებ. არსებული პროგნოზით, ეს ბაზარი 2033 წლისთვის 30 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
ავტორი: მონიკა პინა

