პროტესტის მონაწილეთა ძალადობრივი დარბევის გამო თეირანზე საპასუხოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა დღეს, 16 იანვარს, წარმოადგინოს – ამის შესახებ ევრონიუსს ორმა ინფორმირებულმა დიპლომატმა განუცხადა.
ბლოკის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებული ზომები უკვე მოქმედ სანქციებს დაემატება. მიმდინარე კვირის დასაწყისში კაია კალასმა მიანიშნა, რომ მზად იყო ახალი სანქციების დაწესებისთვის იმ ძალადობის საპასუხოდ, რომელმაც ირანში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციებზე, უცნობია. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა რიცხვზე საუბრობს. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ამერიკული ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა ოთხშაბათის მონაცემებით 2 571-ია. არაოფიციალური მონაცემები მიანიშნებენ, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
ახალი ზომები ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო გააფართოებს. ბრიუსელის მიერ თეირანისთვის დაწესებული სანქციები ძირითადად სამოგზაურო აკრძალვასა და აქტივების გაყინვას მოიცავს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის, ბირთვული იარაღის გავრცელებისა და რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის გამო.
დღემდე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 230-ზე მეტ ირანელს, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმად ვაჰიდის, ასევე 40-ზე მეტ ორგანიზაციასა და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ სანქციებს მომდევნო შეხვედრაზე, 29 იანვარს, განიხილავენ. შეხვედრას კაია კალასი უმასპინძლებს.

