მთავარიაზიაღაზააშშ ღაზის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზას იწყებს

აშშ ღაზის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზას იწყებს

აშშ-მა განაცხადა, რომ ღაზის სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაზე გადადის. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა აღნიშნა, რომ მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებასა და ომისგან დანგრეული ანკლავის აღდგენას ითვალისწინებს, რაც გაეროს გამოთვლებით 50 მილიარდი დოლარი დაჯდება.

მეორე ფაზის მიხედვით, გათვალისწინებულია ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებაც. ამგვარი ხელისუფლების დაკომპლექტება პალესტინელი ექსპერტებითაა გათვალისწინებული, რომლებიც ღაზის პრობლემების ადმინისტრირებას ამერიკის ზედამხედველობის ქვეშ  განახორციელებენ. ამასთან სპეციალურ წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის თაობაზე, თუ ვინ მოხვდება პალესტინის გარდამავალ ადმინისტრაციაში, რომელიც ღაზას უხელმძღვანელებს.

პალესტინელები ისრაელის საჰაერო შეტევების შედეგად დანგრეულ ქალაქ ღაზაში, 14 იანვარი, 2026 წელი Copyright AP

„აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ვაცხადებთ 20-პუნქტიანი გეგმის მეორე ფაზის დაწყებას. აშშ მოელის, რომ „ჰამასი“ სრულად შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, მათ შორის დაუყოვნებლივ დააბრუნებს დარჩენილ ცხედარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის პირველმა ფაზამ უზრუნველყო ანკლავისთვის ისტორიული მასშტაბის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შენარჩუნება, ყველა ცოცხალი მძევლის დაბრუნება და ოცდარვა გარდაცვლილი მძევლიდან ოცდაშვიდის ნეშტის სამშობლოში დაბრუნება. მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, თურქეთსა და კატარს უცვლელი შუამავლობისთვის, რომელმაც ეს პროგრესი შესაძლებელი გახადა“, – წერს უიტკოფი სოციალურ ქსელში.

მეორე ფაზის აღსრულებას პირველ რიგში ღაზაში მცხოვრები მოსახლეობა ელის, რომლებსაც ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე 2-წლიანმა სასტიკმა ომმა მძიმე კვალი დაატყო. ეს კი აქ ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

„ღმერთმა წარმატება მოუტანოს ამ გეგმას, რათა ჩვეულ ცხოვრებასა და სახლებს დავუბრუნდეთ, სიმართლე გითხრათ დაღლილები ვართ და უკვე ყელში გვაქვს ეს ყველაფერი, იძულებით გადაადგილება, ტანჯვა, შიმშილი, მაღალი ფასები ყველაფერზე“, – აღნიშნავს რამზი ალ-მადალლალი, რომელიც ხან-იუნისის ბანაკში ცხოვრობს.

20-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შუამავლობით მიაღწიეს, ძალაში ოქტომბრის თვეში შევიდა. პირველი ფაზა „ჰამასის“ მხრიდან ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობდა, იმ ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, რომლებიც ისრაელის საპატიმროებში იმყოფებოდნენ.

პროცესის შუამავალი ეგვიპტე, თურქეთი და კატარი უკვე მიესალმნენ მეორე ფაზის ძალაში შესვლას, რასაც ღაზის სექტორში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი  ნაბიჯი უწოდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend