მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში მოქალაქეების დიდ ნაწილს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება

ღაზის სექტორში მოქალაქეების დიდ ნაწილს ღია ცის ქვეშ უწევს ცხოვრება

ღაზაში სტიქიაა – ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შენობების ნგრევას სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – 15 წლის გოგონა, ორი ქალი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ნანგრევები მათ კარვებს დაეცა. ისინი შიფას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მხოლოდ ერთი ოჯახიდან სამი წევრი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე, 5 ადამიანი.

„ამ კარვებში ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ – შიშში, სიცივეში… იმის შიშში, რომ მაგალითად კარავი ძილის დროს თავზე ჩამოგვენგრევა. ან შესაძლოა, ეს ერთადერთი თავშესაფარი საერთოდ ქარმა წაიღოს. ამ დროს ბავშვები, მოხუცები, ყველა, შტორმსა თუ კოკისპირულ წვიმაში, ღია ცის ქვეშ ვრჩებით“, – ამბობს ოდაი მარუფი, ბეით ლაჰიიდან იძულებით გადაადგილებული.

„ეს კარავი არც ზაფხულში გამოდგება და არც ზამთარში. საერთოდ რა შეუძლია კარავს ასეთ ამინდში? ჩვენი სახლები, ადამიანური ყოფა წარსულში დარჩა. ახლა კი აქ ვცხოვრობთ, ამ უვარგის თავშესაფრებში, ცხვრებივით“, – აცხადებს მუჰამედ ალ-სალეჰა, ჯაბალიას ჩრდილოეთ ლტოლვილთა ბანაკიდან.

კარვებში იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობენ. დევნილთა ბანაკი დეირ ალ-ბალაჰის ტერიტორიაზეა განთავსებული, ცენტრალური ღაზა, 10 იანვარი, 2026 წელი Copyright AP

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის 10 ოქტომბრიდან ოფიციალურად მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელთა უმრავლესობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობებითაც კი, როგორიც დროებითი კარავია.

აი ახლაც, ქალაქ ზავაიდაში ადამიანები შიშველი ხელებით ცდილობენ დატბორილი დ განადგურებული თავშესაფრების აღდგენას. მაგალითად, იასმინ შალჰა, ხუთი შვილის დედა, ჩრდილოეთ ბეით ლაჰიიდან, ცდილობს დაფლეთილი კარვის ხელახლა შეკერვას.

„ღამით ისეთი ძლიერი ქარი იყო, ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა. საერთოდ აღარაფერი გაგვაჩნია. ერთადერთ თავშესაფარს ხელით ვაკოწიწებ. სასოწარკვეთილები ვართ. რომელიმე არაბული ქვეყნიდან ვინმე მოვიდეს და ნახოს, როგორ ვცხოვრობთ. ნუთუ რომელიმე მათგანს მოეწონებოდა, რომ ქალები ასეთ პირობებში ცხოვრობდნენ? მე ქალი ვარ, დედა, რომელიც შვილებისთვის თავშესაფარს საკუთარი ხელებით კერავს – შეხედეთ ჩვენს მდგომარეობას. ჩემს ქმარს პარკინსონის დაავადება აქვს. მას ახლა მხოლოდ ზრუნვა სჭირდება“, – ამბობს იასმინ შალჰა, ბეით ლაჰიიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

დღეს ღაზაში პალესტინელთა უმეტესობა სწორედ კარვებში ცხოვრობს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის ორწლიანმა სამხედრო მოქმედებებმა თითქმის ყველაფერი ნანგრევებად აქცია. ეს უკვე მესამე ზამთარია, ისრაელ-„ჰამასის” ომის დაწყებიდან.

მესამე ზამთარია, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარი ძალებით ცდილობს, გაუმკლავდეს გაუსაძლის პირობებს – სიცივეს, შტორმს, ნგრევას, შიმშილს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების უმწვავეს დეფიციტს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივებს გამუდმებით აფრთხილებენ, შტორმისა და სტიქიის დროს არ შევიდნენ დაზიანებულ კარვებში, თუმცა ჯერ ისევ არ არსებობს პასუხი, სად უნდა წავიდნენ ისინი ასეთ დროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend