ნიგერიის ქალაქ ლაგოსში წყალდიდობების შემთხვევებმა გასულ წლებში საგრძნობლად იმატა. ბუნებრივი სტიქიის შედეგად კი ძირითადად სანაპიროსთან ახლოს არსებული უბნები ზიანდება.
მეცნიერების ინფორმაციით, წყალდიდობების შემთხვევების მატების ერთ-ერთი მიზეზი ლაგოსის ლაგუნებიდან ქვიშის მასობრივი ამოტუმბვაა. ნიგერიის ყველაზე დიდ ქალაქში წყლიდან ქვიშა ათასობით ადგილობრივს ამოაქვს და შემდგომ მას სხვადასხვა მიზნით ყიდის. მათ შორისაა ჯოშუა ალექსი. ის ქვიშაზე სამი წელია, მუშაობს. ამბობს, რომ ერთი დატვირთული ნავით დაახლოებით 8 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო ნავის ტვირთით გავსებას სამი საათი სჭირდება. შემდგომ ქვიშას გადამყიდველებზე ყიდის, რომლებიც ამ ქვიშით უფრო დიდ სამშენებლო კომპანიებს ამარაგებენ.
„თხრილის დამუშავება მარტივი პროცესია. ჩვენ წყლიდან ვიღებთ ქვიშას, რომელსაც შემდგომ სახლებისთვის ან გზებისთვის იყენებენ. ეს ბარჟა სინამდვილეში ტრანსპორტიცაა. მისი ტვირთით გადავსების შემდეგ პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მივდივართ. ეს უკანონო საქმიანობა არა არის. ეს ლეგიტიმური ბიზნესია. ჩვენ მთავრობისგან გვაქვს ნებართვა. ასე რომ გადასახადების გადახდის შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია მუშაობა“, – ამბობს ჯოშუა ალექსი.
გასული 5 წლის განმავლობაში ლაგოსში კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მდინარეებიდან და ლაგუნებიდან ქვიშას იღებენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეცნიერები კი ამბობენ, რომ წყლიდან დიდი ოდენობით ქვიშის ამოღება ლაგუნების დრენაჟს აზიანებს, რაც შემდგომ ბუნებრივ სტიქიას იწვევს.
გარემოს ცვლილება განსაკუთრებით აისახა ქალაქის მეთევზეების ერთ-ერთ ყველაზე ძველ თემზე, მაკოკოზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვიშის ამოღებამ თევზჭერის ადგილები გაანადგურა, რის შედეგად ბევრი სამსახურის გარეშე დარჩა. ადგილობრივი აქტივისტების თქმით, მდგომარეობის გამოსწორება ხელისუფლებას შეუძლია, თუმცა მათ ამის სურვილი არ გააჩნიათ.
„ჩვენ ძლიერები არ ვართ. იმ ადგილებში, სადაც დრენაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, თევზი აღარ არის. თევზები ძრავების ხმამაღალ ხმაურს გაურბიან“, – ამბობს მეთევზე, ბაალე სემედე ემანუელი.
ლაგოსის გუბერნატორის ბაბაჯიდე სანვო-ოლუს ინფორმაციით, ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს განსაკუთრებით იმ ოპერაციებს, რომლებიც სანაპირო ზოლში წყალდიდობების შემთხვევებსა და სხვა ბუნებრივ რისკებს ზრდის. თუმცა მოსახლეობა ხელისუფლებას არათანმიმდევრულ მიდგომაში, არაფორმალური გარიგებების დადებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.


