საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები ორშაბათს, 12 იანვარს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა მათი მხრიდან ანტისამთავრობო აქციებისადმი ღია მხარდაჭერა დაეგმოთ.
Euronews-ის ინფორმაციით, დიპლომატებს ადგილზე პროტესტის დროს დაზიანებული ქალაქების ამსახველი ვიდეომასალა აჩვენეს და მოსთხოვეს, უკან წაეღოთ მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებები.
დასავლურმა სახელმწიფოებმა ღია მხარდაჭერა მას შემდეგ გამოხატეს, რაც ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ქვეყანაში პროტესტის დროს დაღუპული 650 ადამიანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჯგუფმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შესაძლოა რეალური მაჩვენებლები ამ რიცხვს აღემატებოდეს. ოსლოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზოგიერთი მაჩვენებლით პროტესტის ძალადობრივი ჩახშობისას გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა 6 000-საც კი აჭარბებდეს. თუმცა დასძინეს ისიც, რომ ამის დამოუკიდებლად შემოწმება უკიდურესად რთულია.
მალევე საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა გააკრიტიკეს ირანის ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და მოუწოდეს თეირანს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს პროტესტის მიმდინარეობისას. ევროკავშირში ისიც აღნიშნეს, რომ თეირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასაც განიხილავენ, მათი მხრიდან პროტესტის ჩასახშობად ლეტალური ძალის გამოყენების გამო.
დემონსტრაციები ირანში უკვე მესამე კვირაა, მიმდინარეობს. დეკემბრის მიწურულს თეირანში დაწყებული პროტესტის მიზეზი კი გახდა ეროვნული ვალუტის ვარდნის შედეგად შექმნილი ეკონომიკური სირთულეები, რომლებიც რიგითმა ირანელებმა მძიმედ იგრძნეს. ტალღა მალევე გავრცელდა სხვა ირანულ ქალაქებშიც და საბოლოოდ პოლიტიკური ხასიათიც მიიღო. ახლა მოქალაქეები რეჟიმის ცვლილებას ითხოვენ, ეს კი ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა ქვეყნის თეოკრატიისთვის, რომელიც ირანის სათავეში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ იმყოფება.


