მთავარიაზიასირიასირიაში შეტაკება დასრულდა - ადგილობრივები ალეპოში დაბრუნებისთვის ემზადებიან

სირიაში შეტაკება დასრულდა – ადგილობრივები ალეპოში დაბრუნებისთვის ემზადებიან

ხალხი, რომელმაც სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს ნაწილი სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის რამდენიმედღიანი ინტენსიური შეტაკებებისას დატოვა, შინ ბრუნდება.

შეტაკება სამშაბათს, 6 იანვარს, დაიწყო ალეპოს ჩრდილოეთით ძირითადად ქურთებით დასახლებულ უბნებში – შეიხ მაქსუდში, აშრაფიესა და ბანი ზაიდში. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობამ და ქურთების მეთაურობით მოქმედმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ეროვნულ არმიაში მათი ძალების გაერთიანების საკითხზე პროგრესის მიღწევა ვერ შეძლეს.

ეს შეტაკებები ყველაზე ინტენსიურია 2024 წლის დეკემბერში სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, დამხობის შემდეგ.

ხუთდღიანი ბრძოლის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილდა. შეტაკებებისას ხშირი იყო ინტენსიური დაბომბვა და დრონებით შეტევა.

საბოლოოდ ქურთმა მებრძოლებმა შეიხ მაქსუდი დატოვეს და გადავიდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც „სირიის დემოკრატიული ძალები“ აკონტროლებენ.

თუმცა დაჯგუფების შიდა უსაფრთხოების ძალების მიერ გავრცელებული განცხადებით, ეს „ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტაა“. მათივე განმარტებით, ბრძოლას დაჭრილებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირების შემდეგ გააგრძელებენ.

„ამიერიდან ჩვენი ძალები უყოყმანოდ გააგრძელებენ და ბოლომდე მიიყვანენ თავიანთი გმირი მებრძოლების გზას ჩვენი ხალხის თავისუფალი ნებისა და ღირსების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, სამთავრობო ძალებმა ხალიდ ალ-ფაჯერის პაციენტებით სავსე საავადმყოფოს არაერთხელ დაარტყეს. დამასკო კი ქურთების ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს საავადმყოფოსა და სხვა სამოქალაქო ობიექტების სამხედრო პოზიციებად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ამავდროულად, ზოგიერთი მცხოვრები, რომელმაც ტერიტორია ვერ დატოვა, ამბობს, რომ მათ ამის უფლება „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ არ მისცეს.

„ტერორი, შიში, ფსიქოლოგიური ზეწოლა, შფოთვა, დაბნეულობა და დეზორიენტაცია. აღარ ვიცოდით, ეს დღე თუ დასრულდებოდა, ან ცოცხლები ვიყავით თუ მკვდრები.

ახლა, მადლობა ღმერთს, ვითარება მშვიდია. სროლის ხმა აღარ ისმის. მხოლოდ ომის კვალი დარჩა – ჭურვის ნამსხვრევები, აუფეთქებელი ჭურვები და აქა-იქ მიმოფანტული ტყვიები“, – ამბობს აჰმად შაიხო, შეიხ მაქსუდის მცხოვრები.

„წასვლა გვინდოდა. მეორე დღეს, როცა გასვლას ვცდილობდით, ქურთულმა საკონტროლო პუნქტმა ამის ნება არ დაგვრთო, ამიტომ უკან დავბრუნდით და კინაღამ დავიხოცეთ. ჩვენთვის აღარაფერი დარჩა. მთელი შენობა ირყეოდა, როცა შიგნით ვიყავით“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი, ილდიზ ჰატუნი.

შესაბამისი ჯგუფები ახლა ანეიტრალებენ ნაღმებს, რომელთა დატოვებაშიც, ქურთულ ძალებს ადანაშაულებენ.

ისინი, ვინც გასულ დღეებში შეიხ მაქსუდი დატოვა, დაბრუნებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend