პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ მხარდაჭერა გამოეხატათ.
მომიტინგეთა ნაწილს ეჭირა ირანის მონარქიის, ნაწილს კი ისრაელისა და შეერთებული შტატების დროშები. დემონსტრანტთა უმრავლესობა მხარს უჭერდა ირანში მონარქიის აღდგენასა და ქვეყნის სათავეში ემიგრაციაში მყოფი პრინცის, რეზა ფეჰლევის, დაბრუნებას.
1979 წლის ისლამური რევოლუციიდან, რომლის დროსაც დაემხო ფეჰლევის მთავრობა, თითქმის 50 წელი გავიდა. მისმა ვაჟმა ირანში მიმდინარე პროტესტს ახალი იმპულსი შესძინა. სწორედ მის მხარდასაჭერად გამოვიდა ხალხი ქუჩებში. დემონსტრაციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.
პარიზში აქციის მონაწილეთა რაოდენობა 1 500-იდან 2 000-ამდე იყო. მათ ვიქტორ ჰიუგოს მოედნიდან ტროკადეროს მიმართულებით გამართეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები მონარქიის აღდგენასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერასაც მოითხოვდნენ.
ირანის პარლამენტის სპიკერის თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშს მიიტანს, აშშ-ის სამხედრო ძალები და ისრაელი ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან. ირანმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ზომებზე ისაუბრა.
ინტერნეტის გათიშვისა და სატელეფონო კავშირის შეწყვეტის გამო ირანში მიმდინარე მოვლენების შეფასება უცხოეთიდან სულ უფრო რთულდება. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფები შიშობენ, რომ საინფორმაციო ბლოკადა უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების ძალებს, რასაც შესაძლოა სისხლიანი რეპრესიებიც მოჰყვეს.
ირანში საპროტესტო აქციები უკვე ორ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს.
პოლიტიკური კრიზისი და მასობრივი არეულობა გრძელდება.
ხალხის დიდი ნაწილი ქუჩაშია, ხელისუფლება კი ძალადობრივ მეთოდებს იყენებს.
ოფიციალური ინფორმაცია საპროტესტო აქციებზე დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, დაპირისპირებას ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათიათასობით ადამიანი კი დაკავებულია.

