ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე გარდაცვლილთა რიცხვი 500-ს აღწევს. ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხზე ინფორმაციას არ ასაჯაროებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვითარება გაცილებით მძიმე იყოს.
ადგილზე მომუშავე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეა, ხოლო 50-მდე პირი ირანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. აქციები ამჟამად 100 ირანულ ქალაქში მიმდინარეობს.
მასშტაბური რეპრესიების მიუხედავად მოსახლეობა ქუჩაში კვირასაც გამოვიდა. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ისლამისტი ფუნდამენტალისტების მთავრობიდან გადადგომაა. საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო ეროვნული ვალუტის კოლაფსის შემდეგ. ინფლაციის ფონზე ასობით ათასმა დემონსტრანტმა პოლიტიკური მოთხოვნებიც გააჟღერა. ისინი თეოკრატიული ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად გამოდიან და მათი სულიერი მამის, აიათოლა ხამენეის, პორტრეტებსაც საჯაროდ წვავენ. ირანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებს.

მომიტინგეები ხელისუფლებამ ღმერთის მტრებად გამოაცხადა. ისიც თქვეს, რომ საკვანძო ფიგურები უკვე დაკავებული ჰყავთ. ბოლო ორ კვირაში დაკავებულთა რიცხვი ირანში 10 600-ს შეადგენს.
„ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ შეიკრიბონ თავიანთ სამეზობლოში და არ მისცენ უფლება ამ ინდივიდებს, შექმნან ქაოსი. თუ ადამიანებს აქვთ წუხილი, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ვუპასუხოთ მათ, მაგრამ უფრო მაღალი ვალდებულებაა, არ მივცეთ უფლება მეამბოხე ჯგუფებს გაანადგურონ მთელი ჩვენი საზოგადოება. მე მესმის ჩვენი საზოგადოების წუხილის და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გადავჭრათ მათი გამომწვევი მიზეზები. ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისს, მაგრამ მიუღებელია, ამ ინდივიდების მხრიდან ძალადობა და უდანაშაულო ადამიანების კვლა ადგილზე.
მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ აგიტატორებსა და ტერორისტებს. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა.
ქვეყნის ეკონომიკის რღვევის ძირითადი მიზეზი ირანის წინააღმდეგ დაკისრებული საერთაშორისო სანქციებია, რომლებიც მეტწილად ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა. ისრაელთან ერთად აშშ-ის მიერ განხორციელებულმა ბოლო ოპერაციამ, თეთრი სახლის მტკიცებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობები ბოლომდე გაანადგურა.
უკვე დღეს, აშშ-ში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მუქარის შემდეგ თეირანმა მოლაპარაკებებისთვის მზაობა განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ინფორმაციით, ვაშინგტონი აქციების ძალადობრივი დაშლის საპასუხოდ ირანზე სერიოზულ დარტყმას განიხილავს, მათ შორის პირდაპირ თუ კიბერშეტევას, ასევე დამატებით სანქციებსა და ოპოზიციის მხარდაჭერას ქვეყანაში.
„მე ვფიქრობ, ირანი დაიღალა იმით, რომ ამერიკა მას მუდმივად ამარცხებს. მათ უნდათ მოლაპარაკებები. შეხვედრა იგეგმება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იქიდან გამომდინარე, რაც შეხვედრამდე ხდება. როგორც ჩანს, მოკლეს ადამიანები, რომლებიც არ უნდა მოეკლათ. ეს ძალადობრივი ლიდერობაა, თუმცა მათ ლიდერებსაც ვერ ვუწოდებ, ისინი ძალადობით მართავენ ქვეყანას.
ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ჩვენი სამხედროები უყურებენ ამ სიტუაციას და ჩვენც ძალიან ძლიერ ნაბიჯებს განვიხილავთ, ისეთს, რომ ვერც კი წარმოიდგენენ. თუ ისინი მუქარას აღასრულებენ და აშშ-ის ბაზებს დაარტყამენ. ჩვენ მათ დავარტყამთ იმ დონეზე, რაც არასოდეს უნახავთ. ვერც კი დაიჯერებენ ისე“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ირანში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია.
საერთაშორისო მედიას კი ადგილზე მუშაობის საშუალება არ ეძლევა, შესაბამისად, თეირანიდან ინფორმაციის მიღება დიდი გამოწვევაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ირანელ ხალხს. თავის მხრივ, ირანში მას უპასუხეს, რომ თუ აშშ მათ თავს დაესხმება, ისრაელი და ამერიკული საზღვაო ბაზები რეგიონში თეირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში იღებს მხოლოდ ერთი პირი, აიათოლა ალი ხამენეი, რომლის ძალაუფლებაც ბოლო დღეებმა მნიშვნელოვნად შეარყია.

