სერბი სტუდენტები ხელმოწერებს აგროვებენ ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად, რაც მათი აზრით, პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მთავრობას დაამხობს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სტუდენტებმა სერბეთის ათობით ქალაქში, დაბასა თუ სოფელში სხვადასხვა ადგილი მოაწყვეს, სადაც მაცხოვრებლები რიგრიგობით აწერდნენ ხელს მხარდაჭერას.
ახალგაზრდა მომიტინგეები სერბეთში ვუჩიჩის მმართველობის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის წინა ხაზზე არიან.
„როგორც ხედავთ, ქუჩაში გამოვედით. ჩვენ გვაქვს სტენდები, რითაც მოქალაქეებთან კავშირს ვამყარებთ. ისინი ხელს აწერენ იმას, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითხოვდით – რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“, – ამბობს იგორ დოინოვი, სტუდენტი.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის გამო, რომელმაც 16 ადამიანი იმსხვერპლა. ამ ფაქტს კორუფციას აბრალებენ და ასევე სადგურში რემონტის დროს მშენებლობისა და უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას.
ამ ტრაგედიაზე ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის აუღია.
ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა მომიტინგე სტუდენტების მიერ მოთხოვნილი დაუყოვნებლივი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, მაგრამ ივარაუდა, რომ ის შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს.
სერბეთში, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი.
„სტუდენტებს მხარს ვუჭერ, მაქვს სურვილი, რომ კარგად ვიცხოვროთ, მე, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა. სტუდენტებმა გააკეთეს ის, რაც მათ წინა თაობებს, მათ შორის ჩემს თაობას, არ შეეძლოთ“, – ამბობს მილცა კანკოვიჩ კადიევიჩი, ბელგრადის მცხოვრები.
ბოლო წელს ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულმა აქციებმა ვუჩიჩის მმართველობა უფრო მეტად შეარყია, ვიდრე ოდესმე მისი 13-წლიანი მმართველობის განმავლობაში.
ვუჩიჩი სერბეთის მოსახლეობას ოფიციალურად დაჰპირდა ევროკავშირში გაწევრებას, თუმცა ის მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს რუსეთსა და ჩინეთთან. მას ასევე ადანაშაულებენ ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვასა და კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის აყვავებაში.

