მთავარისაქართველოლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად შსს ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უწყება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად სწორედ მას ასახელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს, რომლის ლიდერიც ოთარ ფარცხალაძე იყო, ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული „გარკვეული სახის უთანხმოება“ ჰქონდა. უწყების თანახმად, მათ ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებული სხვა პირების შეკვეთით ბიზნესმენის მკვლელობა ყოფილი გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით დააორგანიზეს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა. შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს. ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური. დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დანაშაულის უშუალო ამსრულებელის, გელა უძილაურის მიმართ სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მას 24 ოქტომბერს უვადო პატიომრობა მიესაჯა. საქმეზე დაკავებულები არიან სხვა ბრალდებულებიც: გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი. დავით მიქაძისა და გიორგი ჯოხაძეზე კი ძებნა გამოცხადებული. მათი საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.

რაც შეეხება დანაშაულის სავარაუდო ორგანიზატორს: ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ედება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend