მთავარისაქართველოგენერალურმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა

გენერალურმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა

2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალი წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება მას ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

„პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.

ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ…“ – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.

„დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის“ საქმეზე, ის საკუთარი საცხოვრებელ სახლიდან აიყვანეს.

უწყების ვერსიით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს ქუჩაში მიმდინარე პროცესებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ასევე, სუსის ცნობით, მასსა და საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია 343-ჯერ შედგა.

4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რომელიც მალევე გაათავისუფლეს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გამორიცხა საქმეში მისი ბრალეულობაც:

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე…

ბაჩანა ახალაიას საშუალება ჰქონდა საშუალება, ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის ეკონტაქტებოდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებს, თუ ამაში ჩართული იყო ანა ნადარეიშვილიც, რაზეც არ უპასუხა, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა…“ – განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ, ანა ნადარეიშვილმა გამორიცხა ნებისმიერი კავშირი ბაჩო ახალაიასა და იმ მოვლენებს შორის, რაც 4 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარდა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგით გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან შეუსაბამოა.

„ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. საერთოდ. თავიდან ბოლომდე, 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი, იმიტომ, რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს. ადამიანები გამოსულები იყვნენ პროტესტზე, ჩვეულებრივად მოწოდებაზე ასობით ათასი ადამიანი იყო გამოსული. ძალადობა იქ იყო მხოლოდ პოლიციის მხრიდან და არამარტო 4 ოქტომბერს…“ – თქვა ანა ნადარეიშვილმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ.

ბაჩო ახალაიას დაკავება არ უკვირთ ხელისუფლებაში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მის პოლიტიკურ წარსულს იხსენებენ:

„გახსოვთ, რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდებები, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, რადგან სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იმოქმედეს, როგორც იმოქმედეს. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, აგებს პასუხს…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

თემის შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც, რომლის განცხადებითაც, „ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული“, რადგან „4 ოქტომბერს იყო დამხობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა“:

„რეალურად, ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ბრალდებულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ. ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება…“

ოპოზიციაში კი ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამჯერად ბაჩო ახალაიას დაკავებით ცდილობს ქვეყანაში არსებული სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვას:

„ალბათ, აქ ხაზები და კავშირები მიდის გრიგოლ ლილუაშვილთან. მიდის იმისკენ, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია ბოლომდე ჩაიბეჭდოს როგორც რევოლუციის მცდელობა, რომ „ოცნებამ“ წარმატებით დაასრულოს ეს ფაზა, სამწუხაროდ, ასრულებს. „ოცნება“ რეალურად მოგებული გამოვიდა იმ ყველაფრიდან, რასაც ჰქვია 4 ოქტომბერი…“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობისას, სხვადასხვა წლებში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მყოფმა ბაჩო ახალაიამ, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება 2022 წლის 1-ელ მარტს დატოვა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე მას ბრალი წარუდგინეს თადარიგის პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მისი სახელი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც გაისმა, ამჯერად 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, თითქოს ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრებოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2025 წლის 10 ოქტომბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვასა და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს. მაშინ ყოფილმა მაღალჩინოსანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „ფაბრიკაცია“ უწოდა.

2025 წლის 4 ოქტომბერს მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადც დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა. მოგვიანებით, მოულოდნელად, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადასვლისკენ მოუწოდეს.

მას შემდეგ, რაც ათონელის ქუჩაზე დემონსტრანტები მიდივნენ, ადგილზე ვითარება მალევე დაიძაბა. მოქალაქეების ნაწილმა პრეზიდენტის სასახლის ღობე დააზიანა და ეზოში შეიჭრა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმები, რომლებმაც ტერიტორია დემონსტრანტებისგან მალევე გაწმინდეს და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“.

4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ ხუთივე წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე.

ამავე საქმეზე დაკავებულია ათობით პირი.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend