მთავარიგადაცემებიThe Road To Greenგარემოს დამბინძურებლებს ჯარიმის გადახდას აიძულებენ

გარემოს დამბინძურებლებს ჯარიმის გადახდას აიძულებენ

თუკი თქვენ ონკანში საშიში ნივთიერება ჟონავს, შესაძლოა, გარემოსდაცვითი სისხლის სამართლის დანაშაულის არაპირდაპირი მსხვერპლი ხართ. გარემოსდაცვითი კრიმინალი რიგით მესამეა ორგანიზებული დანაშაულის ტიპებს შორის მთელ მსოფლიოში და ყოველ წელს  ასობით მილიარდი ევროს ზარალს აყენებს საზოგადოებას. ევრონიუსი დაინტერსდა, მაინც  ვინ უნდა აანაზღაუროს ეს ხარჯი. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ევრონიუსი სლოვაკეთსა და რუმინეთში ჩავიდა, რადგან ამ ქვეყნებში გარემოსდაცვითი დანაშაულის ჩამდენ პირებს პასუხისგებაში აძლევენ.

გარემოსდაცვითი კრიმინალი რიგით მესამეა ორგანიზებული დანაშაულის ტიპებს შორის მთელ მსოფლიოში. ყოველ წელს ასეთი ტიპის დანაშაული ასობით მილიარდი ევროს ზარალს იწვევს.  ჩვენ გვაინტერესებს, მაინც  ვინ უნდა აანაზღაუროს ეს ხარჯი.

ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ ახალი დირექტივა მიიღო გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ. დირექტივა აფართოებს კრიმინალური დანაშაულის ტიპების რაოდენობას და მიზნად ამ დანაშაულთან ბრძოლას ისახავს. ამ დირექტივის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ „ევრონიუსი“ სლოვაკეთში ჩავიდა, იმ ნაგავსაყრელის სანახავად, სადაც დანაშაული მოხდა: ბრატისლავიდან ერთი საათის სავალზე მდებარე  ნაგავსაყრელზე ის სახიფათი ნარჩენები დამარხეს, რომელთა გადამუშავებისთვისაც კომპანიას დიდ ფულს უხდიდნენ. დღეს კი აქ მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნარჩენებით სავსე კრატერებია.

„მათ განიზრახეს, რომ ნარჩენები აქ დაეტოვებინათ, რამდენიმე კვირა დაეცადათ და მერე ზემოდან ინერტული ნარჩენებით დაეფარათ, როგორც, აი, აქ გააკეთეს, რათა ეს ადგილი ვეღარ გვეპოვა“, – განმარტავს ვიცე-პოლკოვნიკი ონდრეი კოპორეცი, EnviCrimeNet-ის ხელმძღვანელი.

თუმცა 2015 წელს ამას პოლიციის ოპერაციად არ მიიჩნევდნენ. ანალიტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მთელი ნაგავსაყრელი უკვე დაბინძურებული იყო. ნარჩენების ევროპული ჩარჩო-დირექტივის ასეთი დარღვევა ნიშნავდა, რომ მთელი ნაგავსაყრელი უნდა დაეხურათ. ევროკომისიამ სლოვაკეთის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ეს საქმე არ მოგვარდებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მეზობელ ქალაქს აწუხებდა ბუნებაში სახიფათო ნივთიერებების გაჟონვა. რასტისლავ სტრეჩანსკიმ  გარისკა და პოლიციას მტკიცებულებები მიაწოდა.

ეს საკითხი ეროვნულ დონეზე დააყენეს, რაც ნაწილობრივ ორგანიზაცია  Greenpeace-ის დამსახურებაცაა. ჯერ კიდევ 2015 წელს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ბიურომ სლოვაკეთში გააფრთხილა საზოგადოება, რომ ნიადაგი და წყალი დამაბინძურებელ ნივთიერებებს შეიცავდა და პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

აქ მოქმედებს პრინციპი: დამბინძურებელი იხდის. მაგრამ როგორ უნდა მოიყვანო ეს პრინციპი სისრულეში მაშინ, როდესაც ბოროტმოქმედები რთულ სქემებს ხლართავენ და შემდეგ ქრებიან? აი, ეს არის გარემოსდაცვის პოლიციის ყველაზე რთული ამოცანა. ამიტომ  ვიცე-პოლკოვნიკ კოპორეცს შევხვდით. იგი EnviCrimeNet-ის წევრია – ეს არის პოლიციისა და პროკურატურების ქსელი, რომელსაც სურს, ერთიანი ძალით ებრძოლოს მათ, ვინც ბუნებას ანადგურებს.

ვიცე-პოლკოვნიკი ონდრეი კოპორეცი, EnviCrimeNet-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ კანონი აღსრულების გარეშე მხოლოდ რეკომენდაციაა. ჩვენს შემთხვევაში დამნაშავეები ხშირად იურიდიული და მისი მსგავსი კომპანიების ხელმძღვანელები არიან, რომელთაც სჯერათ, რომ მათზე ვერ გავლენ. თუ ყველა ერთად ვიმუშავებთ ევროპულ დონეზე და ყველანი ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ისინი მოტივაციას საგრძნობლად დაკარგავენ. შესაბამისად, გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგება“.

სწორედ ეს არის ახალი გარემოსდაცვითი დანაშაულის დირექტივის ერთ-ერთი მიზანიც. ეს დირექტივა დანაშაულის ტიპების რაოდენობასაც აფართოებს 9-იდან 20-ამდე, მათ შორის იქნება ხე-ტყით უკანონო ვაჭრობაც.

რუმინეთში ჩავედით, ქვეყანაში, რომელზეც ევროპის კონტინენტის ხელუხლებელი ტყეების ორი-მესამედი მოდის. ამ ტყეების დაცვა აქ ეროვნული უსაფრთხოების რანგშია აყვანილი. მილიონობით კუბური მეტრი ხე-ტყე ყოველ წელს უკანონოდ ქრება. დახმარებისთვის ხშირად ტექნოლოგიასაც მიმართავენ. ხელოვნური ინტელექტის სისტემები თანამგზავრულ გამოსახულებებთან ერთად საშუალებას გვაძლევს, რომ ხელუხლებელი ტყეების შემცირებას დავაკვირდეთ.

ხელუხლებელი ტყეების დაცვა ევროპის სატყეო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია. გაბრიელ პეუნი ის აქტივისტია, რომელიც სატყეო ინდუსტრიაში დარღვევებს ეძებს. ტყის ჭრა ე.წ. Natura 2000-ის ფართობში ხდება, რომელიც ევროკავშირის დაცული ტერიტორიების ყველაზე მსხვილი ქსელია. კანონი ითხოვს, რომ ამ კაფვის გავლენა შეისწავლონ. მაგრამ გაბრიელი ამბობს, რომ ეს კვლევა არ ჩატარდა, როგორც წესია.

„პრობლემა ის არის, რომ დოკუმენტები გააყალბეს, რომლებშიც ჩაწერეს, რომ ტყე 120 წლისაა, რაც მისი გამოყენების კანონიერ საფუძველს ქმნის,“ – ამბობს  გაბრიელ პეუნი, Agent Green-ის აქტივისტი. ”ეს კი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ გზის გაყვანა და ამისთვის ტყის გაკაფვა გაემართლებინათ. პრობლემა ის არის, რომ კვლევებს ის ხალხი ატარებს, რომელიც ტყის ჭრას და გაყიდვას ხელმძღვანელობს“.

სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად რუმინეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი სატყეო კოდექსი, რომელიც ხე-ტყის დამზადებაში მიკვლევადობის ჯაჭვის ყოველ რგოლს მოიცავს. ტყესთან დაკავშირებული ყოველი მოქმედება მონაცემთა ეროვნულ  ბაზაში უნდა აღინუსხოს. ოფიციალური აპლიკაცია ყველას აძლევს საშუალებას, რომ გადაამოწმოს ხე-ტყის გადაზიდვის კანონიერება.

პროკურორი აურელიან მიჰეილე   გარემოსდაცვით დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელი და საკასაციო უმაღლესი სასამართლოს პროკურორია. ისიც იყენებს სისტემას, სახელწოდებით  SUMAL-ი.

„ჩვენ შეგვიძლია, შევაგროვოთ სამხილები და დავაკავშიროთ ისეთ საკითხებთან, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი გამოძიებისთვის“, – განმარტავს აურელიან მიჰეილე. ამას გარდა, გამოძიების პროცესში მას აქვს წვდომა მთელ მონაცემთა ბაზასთან. და ზოგჯერ უწესრიგობასაც ამჩნევს.

„ზოგჯერ შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სისტემაში ნაკლები დოკუმენტი ჩადონ და ადგილზე მეტი დაიტოვონ, რათა მოპარვის საშუალება ჰქონდეთ“, – განმარტავს მიჰეილე.

მაგრამ ტყესთან დაკავშირებული 40 ათასი საქმიდან მხოლოდ რამდენიმეს დაედო სანქცია გასულ წელს. მიჰეილეს ბიურო ბევრს მუშაობს, რომ სასამართლო უფრო ქმედითუნარიანი იყოს.

„ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ მეთოდოლოგია და რეკომენდაციები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყის საქმეში ფიგურირებენ, რომლებსაც შეხება აქვთ ხე-ტყის დამზადებით დაკავებულ კომპანიებთან, იქნება ეს ქურდობა თუ სხვა ტიპის არალეგალური საქმიანობა. ჩვენი კოლეგები უნდა დაემორჩილონ ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებს, ეს არის მათთვის ამოსავალი წერტილი. პროკურორები ვეღარ იტყვიან –  „არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავიო“, – ამბობს მიჰეილე.

ავტორი: სირილ ფურნერისი

 

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend