მთავარისაქართველოხელისუფლება დღგ-ს დაწევას გამორიცხავს

ხელისუფლება დღგ-ს დაწევას გამორიცხავს

დახლებზე სასურსათო პროდუქციის მაღალი ფასების არსებობაზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც მოითხოვა იმის გამოსავლენად ვინ და რა ფორმით არღვევს ბაზრის წესებს.

პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომლის მტკიცებითაც, მკაცრად უპასუხებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე არსებულ „ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას“.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროპის სახელმწიფოებში კონკრეტული პროდუქტების ფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის უკვე 10 წელზე მეტია, განსაკუთრებით მტკივნეულია და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვით პირველ ხუთეულშია.

ირაკლი კობახიძის ინიციატივას მმართველ პარტიაში უწოდებენ სტრატეგიულად სწორ და ლოგიკურ ნაბიჯს, რომელიც, მათივე განმარტებით, „მიმართულია კარტელური გარიგებების აღმოფხვრასა და მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებაზე“.

ირაკლი კობახიძის მსგავსად, ფასების რეგულირების ინიციატივა ჰქონდა მის წინამორბედსაც, ირაკლი ღარიბაშვილს. 2023 წლის თებერვალში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიუღებელი უწოდა დახლებზე არსებულ ვითარებას. მოქმედი პრემიერის მსგავსად მანაც მოითხოვა გამოძიების დაწყება და პრობლემის გადაჭრა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან თითქმის სამი წლისთავზე საკითხი განხილვისთვის კვლავ ღია დარჩა.

წარსულში გაცემული დაპირებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაც მხოლოდ სიტყვებად დარჩება. ეს კი იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება ფასების შემსწავლელი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ხელისუფლების ინიციატივას მალევე უპასუხეს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციასა და რითეილ ასოციაციაში. ორივე გაერთიანება მზად არის, ხელისუფლებასთან დიალოგისა და იმ ობიექტური მიზეზების დადგენაზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასთა დონის ცვლილებაზე. თუმცა, დისტრიბუციის სფეროში მნიშვნელოვან წინაღობად ასახელებენ სახელმწიფოს რეგულაციებს. ამ მხრივ კი მათი ძირითადი ადრესატი არის თბილისის მერია, რომელსაც გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქში გადაადგილების შეზღუდვები აქვს დაწესებული.

ეკონომისტები კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო სტრუქტურების მეშვეობით მაღალი ფასების რეგულირებამ შედეგი არ იქონია არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში. მათი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი ფორმულა არის საგადასახადო რეფორმა, რომელიც მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევასაც გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend