საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბრის სხდომაზე გეგმავს, გადახედოს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს.
იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებაში საუბრობენ, რომ პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებულ ტვირთად აწვება, კომუნალური გადასახადების შესაძლო ზრდის საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მისი განმარტებით, გაზსა და დენზე ტარიფებს განაპირობებს არამხოლოდ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არამედ გლობალური ფასებიც, თუმცა იმედოვნებს, რომ შესაძლებელი გახდება არსებული ტარიფების შენარჩუნება.
„ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და ამის მიხედვით ორშაბათს (29 დეკემბერს) უკვე „სემეკი“ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც გაზთან, ისე დენთან დაკავშირებით.
ჩვენ ხვალ, 26 დეკემბერს გვექნება შეხვედრა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას, დანარჩენს უკვე კონსულტაციები გადაწყვეტს…
ბუნებრივ გაზზე იყო რისკი ტარიფის გაზრდის, მაგრამ კონკრეტული არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, ძალიან მაღალი ალბათობით, მოვახერხებთ ტარიფის შენარჩუნებას.
რადგანაც საერთაშორისო ფასები გაიზარდა გაზზე, ჩვენთანაც ტარიფის ზრდის რისკი იყო, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ აღმოვფხვერით ამ სფეროში არასწორი პრაქტიკები, გაზის მიმართულებით შევძლებთ ტარიფის შენარჩუნებას.
საერთაშორისო ტარიფები არის გაზრდილი, ამ ფონზე ჩვენ შიდა მექანიზმებით შევეცდებით, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ ის ტარიფები, რომლებიც არის როგორც გაზთან, ასევე ელექტროენერგიასთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


