გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის 23 დეკემბრის ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა და თქვა, რომ დაკავების შესახებ არაფერი იცოდა.
საქართველოს პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილს 2021-2023 წლებში, ოთხ სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ედავება, რომელიც „წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას“ გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობას 11-დან 15 წლამდე ვადით.
„პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბერს ეხება. პროკურატურის მტკიცებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, 1 მლნ. აშშ დოლარი მიიღო. თანხა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმების ლობირების სანაცვლოდ იყო გადახდილი.
მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში განხორციელებულ ქმედებებს მოიცავს. ამავე შუამავლის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008“-ის დამფუძნებლისგან, გიორგი ხაჟალიასგან, ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მლნ. 500 000 აშშ დოლარი აიღო.
მესამე ეპიზოდი 2021–2023 წლებში მოქმედ თაღლითურ ქოლ-ცენტრებს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი, ნათესავის – სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით, მფარველობას უწევდა ქოლ-ცენტრების ნაწილს და სანაცვლოდ ქრთამის სახით დაახლოებით 1 მლნ. 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი ეხება თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. გამოძიების ვერსიით, ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა მას, მაშინ როდესაც გვანცელაძე საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კონტრაქტებში ე.წ. „ატკატებს“ იღებდა. ამ სქემაში სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები…“ – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ 23 დეკემბრის ბრიფინგზე.
ე.წ. „ქოლ-ცენტრების საქმის“ შესახებ წარსულში ჟურნალისტური გამოძიება მოამზადეს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“. მაშინ გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასაშუალებებს ცილისწამებისთვის უჩივლა, საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო, ორივე მაუწყებელს კი სიმბოლურად თითო-თითო ლარის გადახდა დაეკისრა.
„ლილუაშვილის სარჩელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს დაუდო საფუძველი. მაშინ ტელეკომპანია ფორმულას და მთავარს, ასევე ლევან ხაბეიშვილის მიადგა და დაობდა, ქოლ ცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო. მართლმსაჯულების სისტემამ მაშინ წარმოუდგენელი სისწრაფე გამოიჩინა და სამივე ინსტაციაში საქმის განხილვა წელიწადსა და რამდნეიმე თვეში დასრულდა, რა თქმა უნდა ლილუაშვილის გამარჯვებით. მქონდა პატივი ამ საქმეზე ფორმულას ინტერესები დამეცვა სასამართლოში…
წესიერ ქვეყანაში, კეთილსინდისიერი სახელმწიფო ინსტიტუტები მაშინვე დაიწყებდნენ გამოძიებას მის მიმართ და არა პირიქით, ჟურნალისტების დევნას…“ – დაწერა ადვოკატმა, მარიამ კაპანაძემ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.
გენერალური პროკურატურის შენობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მას ადვოკატი შეხვდა. ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებადამცველის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი დაინტერესებულია საქმის გამოძიებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას.
ყოფილი თანაგუნდელის დაკავება მმართველი პარტიის წევრებისთვის ერთი მხრივ, სამწუხარო მოვლენად შეფასდა, მეორე მხრივ კი „კორუფციასთან სისტემური და შეურიგებელი ბრძოლით“. თავად გრიგოლ ლილუაშვილისგან განსხვავებით კი, მისი დაკავება მოულოდნელი არ აღმოჩნდა ხელისუფლების ოპონენტებისთვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა. მაშინ გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებებით აიხსნა და ითქვა, რომ მას რეგიონული განვითარების მინისტრად დანიშნავდნენ, თუმცა ორ დღეში ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა.
17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გაჩხრიკეს გრიგოლ ლილუაშვილის სახლთან ერთად, გაჩხრიკეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინები, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, სხვადასხვა ძვირფასეულობა, დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები.
საგამოძიებო უწყების ამ ბრიფინგს მოჰყვა დაკავებების სერია, რომელიც ძირითადად გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვას შეეხო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ საქართველოს პროკურატურამ მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.
კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, ბრალდებულთა შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც.
მაღალჩინოსნების დაკავებებისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობის პარალელურად, ხელისუფლება აცხადებს, რომ, როდესაც საუბარია მასშტაბურ კორუფციაზე, არ ექნება მნიშვნელობა არც გვარს, არც სახელს და არც პოზიციას.

