ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
მანამდე კი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მისთვის კვლავ ერთ-ერთი საკვანძო საკითხია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უისტას მიმდებარედ ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნა.
მისი თქმით, ამ საკითხს ცხინვალი განიხილავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ყოველ შეხვედრაზე. ეგორ კოჩიევი ამ ფორმატში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „დელეგაციის ხელმძღვანელის“ თანამდებობას იკავებს.
მანვე დადებითად შეაფასა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან სწორედ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობისას იყო ის ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მოწყობის ინიციატორი.
ეგორ კოჩიევის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ოკუპირებული რეგიონიდან მსგავსი რიტორიკა მიანიშნებს, რომ ცხინვალს აქვს პრეტენზია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომელიც ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ არის:
„მიუხედავად საკითხის უკიდურესი სერიოზულობისა, ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მალავს. მოლაპარაკებაში ჩართული ჩვენი წარმომადგენლები საზოგადოებას უმალავენ, რომ მოლაპარაკებები ჩირჩანას საგუშაგოს გაუქმებას ეხება და ინფორმაციას ოსური /უცხოური მედია წყაროებიდან ვიგებთ…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე შს ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სამართალწარმოება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
ამავე დღეს გიორგი გახარიას ასევე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ამჟამად ოპოზიციაში მყოფ გიორგი გახარიას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 9-დან 13 წლამდე.

