ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, 22 დეკემბერს ირანი გააფრთხილა, რომ თეირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მკაცრი პასუხი მოჰყვება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ იციან, რომ ირანი ბოლო დროს სამხედრო წვრთნებს ატარებს. ამიტომ „ყურადღებით აკვირდებიან ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან რეაგირებისთვისაც“.
ნეთანიაჰუმ ეს განცხადება იერუსალიმში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან და კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ხრისტოდულიდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც იერუსალიმში სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს ირანი ხშირად ატარებს წვრთნებს. ჩვენ ამას ვაკვირდებით, შესაბამისად, მზად ვართ ყველაფრისთვის. მინდა, ირანს მივმართო, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ ქმედებას ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვება. ჩვენ არ გვინდა არავისთან კონფრონტაცია. მე ისრაელის და, ვფიქრობ, ჩემი ორი პარტნიორის სახელითაც შემიძლია ვთქვა, რომ არავინ ცდილობს კონფრონტაციას, პირიქით, ჩვენ სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა გვსურს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ ჩვენ სამმა. ცხადია, ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი თითოეული ქვეყნის, ასევე საზღვაო მარშრუტების დაცვისა და სხვა საერთო საკითხების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად რეგულირდება. ვიმედოვნებთ, რომ ამას გამოცდა არ დასჭირდება. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნიკოს ხრისტოდულიდისმა ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ კვიპროსს, საბერძნეთსა და ისრაელს შორის პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც რეგიონისთვის, ისე მის ფარგლებს გარეთაც.


