მთავარისაქართველოხმაურიანი სხდომა - გიორგი გახარიამ ყოფილი თანაგუნდელების კითხვებს უპასუხა

ხმაურიანი სხდომა – გიორგი გახარიამ ყოფილი თანაგუნდელების კითხვებს უპასუხა

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისული პირველი მოქმედი ოპოზიციონერი გიორგი გახარია აღმოჩნდა.

6-საათიან სხდომაზე ერთ დროს ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ღალატში, სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და პოლიტიკურ გადაცდომაში. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაწინაურებული გიორგი გახარია ყოფილმა თანაპარტიელებმა 2019 წლის 20 ივნისისა და 2021 წლის თებერვალში ნიკა მელიას დაკავების საქმეებზე გამოჰკითხეს. ვიდრე კითხვებს უპასუხებდა, გიორგი გახარიამ განმარტა, რატომ მივიდა იმ კომისიის სხდომაზე, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებს.

„გმადლობ, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ჩვენი დეპუტატის უფლებამოსილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, – უთხრა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.

პასუხად ექსპრემიერმა ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ ისინი კომისიას „საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის“ იყენებენ.

„ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია და ჩემი აზრით, გამოვხატო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, კითხვაზე – „ვინ გასცა ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით“, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის დაშლიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ პირველად, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამით რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მას არ გაუცია.

„მე რომ მცოდნოდა, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი… ზუსტად იმ თანმიმდევრობით [გამოიყენეს], რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი“, – თქვა გახარიამ.

ექსპრემიერმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ჩამოყვანაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, დააკისრა.

„როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუსმა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე, იქ იყო დაახლოებით 10-12 კაცი, არ მახსოვს ზუსტად. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს [გავრილოვს] კანონი დარღვეული არ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე.

თქვენ კი იძახით, ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?! ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა, უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, ჩასხდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა. ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდეგ იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო… ვერავის დაურეკავდი – ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი ვერ ვიპოვეთ ხაზზე, ვისი მოძებნაც მაშინ გვინდოდა. ეს არის რეალობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომისიის 6-საათიან სხდომაზე მწვავე დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ნიკა მელიას დაკავების საკითხი გახდა. გიორგი გახარიას ყოფილმა თანაპარტიელებმა მისი 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება შეახსენეს. სწორედ ამ დღეს გადადგა გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, რაც კომისიის წევრებმა კვლავ „ქართული ოცნების“ გუნდის ღალატად შეაფასეს.

გიორგი გახარია: „[ნიკა] მელიას დაკავება იყო, კიდევ ერთხელ ვამბობ, უდიდესი ხარკი, რომელიც მე გადავუხადე გუნდსა და სახელმწიფოს“.

თეა წულუკიანი: „რა ხარკი, რის ხარკი? რაებზე ლაპარაკობთ საერთოდ? გავგიჟდი…“

გიორგი გახარია: „[ნიკა] მელიას დაკავება მსხვერპლით კარგი იქნებოდა თუ არა? კი ან არა“.

თეა წულუკიანი: „[ნიკა] მელიას დაკავება მსხვერპლით ვერ მოხდებოდა იმიტომ, რომ იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი არ იყავით თქვენ და იყო ვახტანგ გომელაური“.

გიორგი გახარია: „წნეხი შემცირდა. დაძაბულობა შემცირდა, ხალხის რაოდენობა შემცირდა და ბევრად უფრო მარტივი გახდა ამ ოპერაციის ჩატარება“.

გურამ მაჭარაშვილი: „ვინ გააკეთა ეს ყველაფერი?“

გიორგი გახარია: „დრომ“.

ალუდა ღუდუშაური: „მოიცა, მოიცა, რატომ ყვირი? არა, არა, ერთი წამი, რატომ ყვირი, ვერ გავიგე? შენ რა არ მოგეწონა იმ დაკავებაში, ასე ძალიან გულთან რომ მიგაქვს? რა არ მოგეწონა, მითხარი. მელიას ამწე არ მოგეწონა?“

გიორგი გახარია: „ყველაფერი მომეწონა“.

ალუდა ღუდუშაური: „აბა, რას გვიყვირი აქ?“

გიორგი გახარია: „დამშვიდდი“.

ჯერ არ არის ცნობილი, ამოწურეს თუ არა კითხვები „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი კომისიის წევრებმა ყოფილი თანაგუნდელის მიმართ. 14 აპრილის სხდომაზე არც ის უთქვამთ, დაიბარებენ თუ არა 20 ივნისის საქმეზე იმ დროის სხვა მაღალჩინოსნებს. გიორგი გახარიამ კი ყოფილ თანაგუნდელებს ურჩია, რომ კომისიის სხდომაზე 20 ივნისის განხილვისას ბიძინა ივანიშვილიც დაიბარონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend